საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად ცხრა ლოტიანი აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების მიღება კომისიაში 2016 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა, განაცხადი მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა. აუქციონი 2016 წლის 31 მაისის 12:00 საათზე ჩატარდება.
საერთო ჯამში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ცხრა ლოტიანი აუქციონით დაახლოებით 160 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების რესურსი გამოიტანა. N1, N2, N3, N4 ლოტებით აუქციონზე 800 მეგაჰერც დიაპაზონში ხელმისაწვდომი სიხშირული რესურსია გამოტანილი.
მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად (LTE) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებული კომპანია რესურსით სარგებლობას 15 წლის ვადით შეძლებს. კომპანიას სალიცენზიო ვალდებულებად საქართველოს დასახლებული პუნქტების 90% მოცვის ვალდებულება განესაზღვრებათ, შემდეგი გრაფიკით: მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების მინიმუმ:
1. 30%-თვის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში
2. 50%-თვის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში
3. 70% -თვის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში
4. 90%-თვის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში

























