საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, "თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს", რაც "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, აკრძალული იყო. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება.
BMG უცვლელად გთავაზობთ გენერალური პროკურატურის განცხადებას, სადაც აღწერილია ფარული ბიზნეს-საქმიანობები, რითაც ირაკლი ღარიბაშვილი, 2019-2024 წლებში, თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში იყო დაკავებული:
"უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც რამდენიმე წუთი წინ გახდა ცნობილი, გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრემიერს ბრალი წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. "ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს 9-დან 12 წლამდე ემუქრება, თუმცა პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილისთვის არა - პატიმრობა, არამედ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს - 1 მილიონი ლარის შეფარდება და ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა მოითხოვა.




























