FAS Group-მა ბუღალტრული და ფინანსური სერვისები ექსპორტზე გაიტანა. როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ BMG-ს განუცხადა, FAS Group-ის ფილიალი ბერლინში გაიხსნა. ამ ეტაპზე კი, პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ფილიალი ბერლინში გავხსენით. გადავწყვიტეთ, ისეთ ქვეყანაში გასვლა, რომელიც ჩვენი მსგავსი სტანდარტებით მუშაობს, რათა ერთნაირი სისტემა გვქონოდა. დაგვეხმარა ისიც, რომ გავიმარჯვეთ პროგრამაში Fit for Partnership with Germany, რამაც გერმანულ კომპანიებთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვცა და მათგან საკმაოდ პოზიტიური უკუკავშირი დავინახეთ. ოპერირება იანვრის ბოლოდან დავიწყეთ. ამ ეტაპზე, რამდენიმე მცირე მეწარმესთან გვაქვს მოლაპარაკებები. გერმანიაში ბუღალტრული მომსახურების ლიცენზია გვაქვს, ასევე ვთავაზობთ ფინანსურ მომსახურებასაც. ჩვენი მიზანია, საქართველოდან გავწიოთ სერვისი, უკვე გადამზადებული თანამშრომლებით. მოლოდინები ძალიან პოზიტიურია“, - ამბობს ნათია სხვიტარიძე.
მისივე თქმით, გამოწვევა, რომელიც კომპანიას საქართველოში აქვს, კადრების დეფიციტია.
„კადრების დეფიციტი ძალიან მწვავეა. ჩვენთან ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, თუმცა კვალიფიციური კადრების მოძიება გვიჭირდა. გავაკეთეთ ბუღალტერთა სკოლა ჩვენი კომპანიისთვის, სადაც ვასწავლით, სტაჟირებას გადიან და ჩვენთან დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ“, - განმარტავს FAS Group-ის მმართველი პარტნიორი.
ცნობისთვის, FAS Group-ი საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანია სააღრიცხვო და საკონსულტაციო სერვისებით 250-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება. ასევე, ჩართულია საერთაშორისო პროექტებში.