მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასები ადეკვატურია, საწვავის ბაზარზე მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს | ირაკლი ლექვინაძე

საწვავი

საქართველოში საწვავის ფასების ზრდა საერთაშორისო ტენდენციებს მიჰყვება და ამ ეტაპზე ბაზარზე მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვას, საწვავის, კერძოდ დიზელის 4 ლარამდე გაძვირების ფონზე, რამდენად შეესაბამება ადგილობრივი ფასები საერთაშორისო ბაზარს და გეგმავს თუ არა სააგენტო მოკვლევის დაწყებას, ლექვინაძემ უპასუხა, რომ უწყება პროცესებს უწყვეტად აკვირდება.

„ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რადგანაც აღნიშნული საწვავის ბაზარი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ. სამწუხაროდ, ფასები ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს საკმაოდ მტკივნეულია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ეხება ყველა ტიპის საწვავს. თუმცა, მსგავსი ტიპის ფასების ზრდა ფიქსირდება აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში და ეს უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას. მაგალითად, თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში, ბოლო 3-თვიან პერიოდში დაახლოებით 30-35%-იან მატებას აქვს ადგილი ყველა ტიპის საწვავზე. რომ ვნახოთ საქართველოში არსებული ტენდენციაც, დაახლოებით ამ ტენდენციას მიყვება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი განმარტებით, გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე „პლატსის“ მაღალი ღირებულებითაა გამოწვეული, რაც ბოლო პერიოდში 1 100-დან 1 500 დოლარამდე მერყეობს. ამასთან, ლექვინაძის თქმით, ფასების კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას ლარის სტაბილური კურსი აკავებს.

„თუ საწვავის ფასებს შევადარებთ, იგივე თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ან მეზობელი ქვეყნების ფასებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ნავთობის და საწვავის მომპოვებელი ქვეყნები, თუნდაც გაძვირების ტემპითაც და ფასების საერთო მაჩვენებლითაც, საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ადეკვატურია საწვავის ღირებულება. თუმცა ჯამში ის ასახავს იმ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ და სამწუხაროდ ჯერჯერობით რაიმე პოზიტიური პროგნოზი ამ მიმართულებით არ არის“, - განაცხადა ლექვინაძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ იმპორტის ბაზარზე 50-მდე კომპანია ოპერირებს და არც იმპორტში და არც საცალო ქსელში (სადაც 5 მსხვილ კომპანიას ბაზრის 66-68% უჭირავს) დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ იკვეთება. თუმცა, მან დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც სააგენტო მოკვლევის ეტაპზე გადავა.

„ბაზარს ვაკვირდებით და თუ ჩვენ დავინახავთ, რომ როდესაც დაიწყება გაიაფების პროცესი და იქ დროში დაგვიანდება ან გონივრულ ვადაზე მეტხანს გაგრძელდება ფასების არშემცირების ტენდენცია, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი, რომ ასეთ შემთხვევაში მოკვლევის ეტაპზე გადავიდეთ. თუმცა ამ დროისათვის მსგავსი პროცესი არ შეინიშნება და ჩვენ ზუსტად პრეცედენტიც გვქონდა 2022 წელს, როდესაც 3 თვის განმავლობაში მოხდა საცალო ბაზარზე ფასების შენარჩუნება, მაშინ როცა იმპორტისთვის ღირებულება იაფდებოდა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ გაძვირების პროცესია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე გასულ კვირას დაფიქსირებული მრავალთვიანი მაქსიმუმის შემდეგ ნავთობი გაიაფდა, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. ორშაბათს Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.8%-ით შემცირდა და ბარელზე $114.57 შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 2.2%-ით დაეცა და $100.96-მდე ჩამოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები