„ავტოინდუსტრიის მთავარი პრობლემა გაძვირებული წარმოება და გაძვირებული პროდუქტია“, - ინდუსტრიის გამოწვევებზე კომპანია Jeep Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილმა BMGDRIVE-ში ისაუბრა.
მისი თქმით, ჯერ პანდემიამ, ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომმა ავტოინდუსტრიაში გამოწვევები კიდევ უფრო გაზარდა, რაც საბოლოო ჯამში, ფასების ზრდაში აისახა.
„გაზრდილი ფასები ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული: ესაა ლოგისტიკის ხარჯების გაძვირება, ასევე საწვავის ფასის ზრდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი იმ კომპონენტების მიწოდებაში, რაც გამოიყენება ავტონინდუსტრიაში, ამიტომ ომმა ეს ყველაფერი შეაფერხა.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა ლოგისტიკის ხარჯების გაძვირება - მანქანებზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, ხოლო მიწოდება ვერ აკმაყოფილებს, რადგან წარმოება შედარებით შემცირებულია.
ამ ფაქტორებმა კი გამოიწვია ავტომობილების მოწოდების ვადების გართულება, რაც ფასზეც ისახება. მაქსიმალურად ვცდილობთ შევიმციროთ მოგების მარჟა, რათა მომხმარებელი არ დავკარგოთ“, - განმარტა Jeep Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ.
რაც შეეხება პროგნოზებს, ლევან ასანიშვილის თქმით, „ავტომობილების ფასები წავა დარეგულირებისკენ, თუმცა ძველ ნიშნულებს არ დაუბრუნდება“.