საწვავზე დღეს არსებული ფასი საბოლოო არ არის - მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კომპანიას უფრო ძვირად უწევს - ამის შესახებ BMG-სთან „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა საუბრობს. კითხვაზე, მიაღწია თუ არა ფასმა პიკს, „ვისოლის“ დირექტორი ამბობს, რომ არსებული მონაცემებით, „ჭერი“ ჯერ არ არის მიღწეული.
„სამწუხაროდ, იმ ფასზე ძვირად, რა ფასადაც დღეს საწვავს ვყიდით, უკვე ახალი კონტრაქტების გაფორმება გვიწევს, ისევ და ისევ, „პლატსიდან“ გამომდინარე. თქვენც რომ ნახოთ დინამიკაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასი საკმაოდ გაზრდილია - ბენზინზე აგვისტოს საშუალო ფასი 100 დოლარით არის გაზრდილი ივლისის საშუალო ფასთან შედარებით.
დიზელზეც საკმაოდ მზარდი დინამიკაა, არანაკლებია, ვიდრე ბენზინი“, - აცხადებს ვასილ ხორავა.
მისი განმარტებით, კომპანია „პლატსთან“ მიმართებით არსებულ ფასთა დინამიკას მიჰყვება. აღნიშნული დინამიკა კი, საერთაშორისო ფასებთან ერთად, ზრდას აჩვენებს. ამის მიუხედავად, კომპანიაში, ადგილობრივი ბაზრის მხრიდან მოთხოვნის შენელებას არ ელიან.
„ძალიან ცუდია იმპორტიორი ქვეყნისთვის მაღალი ფასები, მაგრამ რასაც ვუყურებ, ბაზარი გადაეწყობა ხოლმე და შესაბამისად, გვინდა - არ გვინდა, მაინც გვიწევს ამ პროდუქტის შეძენა. ვერ გეტყვით, რომ რაღაცა მოთხოვნის თვალსაზრისით ჩვენი კომპანიისთვის რამე შეიცვალა“, - აცხადებს ვასილ ხორავა.
საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა გასამართ სადგურზე ბენზინი 3-12 თეთრით, ხოლო დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა.
ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს. ივლისის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრამდე იყო გაძვირებული.




























