გიგა ბედინეიშვილი საქართველოში პროდუქტებზე ფასების შემცირების მიზნით შექმნილ საპარლამენტო კომისიასა და, ამის პარალელურად, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას აფასებს და მიმდინარე პროცესებს "კომიკურს" უწოდებს.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, ხელისუფლების ინიციატივები მხოლოდ მოკლევადიან პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ემსახურება.
"ეს ყველაფერი კომიკურად გამოიყურება. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს ინიციატივა გაჟღერდა, ვამბობდით, რომ მას არანაირი შედეგი არ ექნებოდა. ეს არის პოპულიზმის ფორმა, თითქოს ჩვენი "მარჩენალი მთავრობა" დაიცავს მოქალაქეებს ფასების ზრდისგან. იმ ფონზე, როდესაც პარალელურად იზრდება ენერგეტიკის ტარიფები და ნავთობის ფასი, ეს მცდელობები კიდევ უფრო არასერიოზულად ჩანს. ნუთუ რომელიმე დეპუტატის მხრიდან ბიზნესის წარმომადგენლებთან "ვაჟკაცური პაექრობით" და შეძახილებით შემცირდება ტარიფები?", - აცხადებს ფინანსისტი.
ბედინეიშვილი განმარტავს, რომ ენერგეტიკულ სექტორში ტარიფების ზრდა გარდაუვალია, რადგან კომპანიებს ინვესტიციების ამოსაღებად გარკვეული დონის შემოსავალი სჭირდებათ. მისი თქმით, აქამდე ტარიფები ხელოვნურად, პოლიტიკური მიზნებით იყო შეკავებული.
"ხუმრობის გარეშე რომ ვისაუბროთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან მოკლევადიანი პრობლემა: სექტორში ჩართულ სხვადასხვა კომპანიებს სჭირდებათ ტარიფის გარკვეული დონე ჩადებული ინვესტიციის ამოსაღებად. ეს არის წესები, რომელთა საფუძველზეც ისინი ამ ბიზნესში შემოვიდნენ. ფაქტია, რომ აქამდე, დადგენილი ფორმულებით, ტარიფების ზრდა არ მომხდარა და ისინი ჩამორჩებოდა იმ დაპირებებს, რის საფუძველზეც ინვესტიციები განხორციელდა. ეს ისევ პოლიტიკურ პოპულიზმამდე მიდის – მთავრობას არ სურდა მხარდამჭერების გაბრაზება", - აღნიშნავს ბედინეიშვილი.
ამასთან, ფინანსისტი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დამოუკიდებლობას: "არსებობს მოსაზრება, თითქოს სემეკი დამოუკიდებელია, მაგრამ, ბოდიში ცინიზმისთვის, არავის სჯერა, რომ ყოფილი მერი, რომელიც ახლა სემეკის თავმჯდომარეა, პოლიტიკურად ნეიტრალურია. ეს პოლიტიკური იარაღია. ასე რომ, ტარიფებს კორექცია სჭირდებოდა, ეს ფაქტია."
გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, დღევანდელი მაღალი ტარიფები არასწორი ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რაზეც პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მისი თქმით, სექტორი დღეს ფაქტობრივად აღარ არის მიმზიდველი ინვესტიციებისთვის.
"ეს არ არის სამართლიანი, რადგან მაღალი ტარიფი მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია. სწორედ მთავრობამ უნდა განახორციელოს ლიდერობა, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციას და გრძელვადიანად შეამცირებს ტარიფებს. ამის ნაცვლად, ვნახეთ ნამახვანჰესის შემთხვევა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გამოვიდა, დატუქსა ინვესტორი (ENKA) და ახლა საქმე არბიტრაჟში გვაქვს. ამაში ხალხს ვერ დავადანაშაულებთ - ლოკალური პროტესტი შეიძლება ყველგან გაჩნდეს, მაგრამ მთავრობა სწორედ იმისთვისაა, რომ ასეთ სიტუაციაში პროცესი მართოს," - აცხადებს ფინანსისტი.
სემეკის გადაწყვეტილებით, 1-ელი აპრილიდან თბილისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო კომერციული სექტორისთვის (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) ფასნამატი 4-6 თეთრია.




























