საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ პარლამენტში შექმნილ ფასების დროებით კომისიას „ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა არ აქვს“.
მისი განმარტებით, კომისიის მუშაობის ძირითადი მიზანი დასკვნის მომზადება და რეკომენდაციების გაცემაა, თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ პროცესში მთავარი როლი აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკუთვნის.
„ფასების კომისია დადებს თავის დასკვნას და შესაბამისად ჩვენი მხრიდან რეკომენდაციები გაცემული იქნება. არც ამაზე მეტი და არც ამაზე ნაკლები ფასების კომისიას არ მოეთხოვება და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. დროებით კომისიას არ აქვს უცბად ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციებს, თუ საჭიროა ჩვენ ვაიინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება საკონტრაქტო პირობებს, უსამართლო ურთიერთობას მხარეებს შორის და ა.შ., თუმცა ძირითადი დატვირთვა არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება.




























