საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგის განცხადებით, ფასების კონტროლი არაერთ ქვეყანაში სცადეს და ეს ყველგან წარუმატებელი იყო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით ჰაჟდენბერგმა აღნიშნა, რომ ფასების და კონკურენციის პირობების შესასწავლად ბევრ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მეტი აქცენტი სწორედ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე უნდა იყოს გადატანილი. ფასების რეგულირების თვალსაზრისით კი ჰაჟდენბერგი აღნიშნავს რომ თუკი პროცესს მსვლელობა ამ მიმართულებით მიეცემა, ის მაღალი ალბათობით წარუმატებელი იქნება.
"ბევრი ქვეყანა ყურადღებას ამახვილებს კონკურენციის პოლიტიკაზე, მათ აქვთ დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოები, რომელთა ფუნქციაც მდგომარეობს იმის შეფასებაში, თუ რამდენად თანხვედრაშია კომპანიების ოპერირება საბაზრო და კონკურენციის ჩარჩოსთან. ფასის გამოკვლევა შეიძლება გამოსადეგი იყოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოზე აქცენტი, რადგანაც ეს ამ ორგანიზაციის მანდატს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ზომები, რომლების გატარებაც იგეგმება, შესაბამისობაში იყოს თავისუფალ ბაზართან რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ჩარევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ფასების კონტროლის მსგავსი მექანიზმები არაერთხელ უცდიათ სახელმწიფოებს არ ვამბობ, რომ ეს არის ის, რისი მცდელობაც აქვს ახლა სახელმწიფოს, თუმცა ფასების კონტროლი სცადეს ბევრ ქვეყანაში და ის ყოველთვის წარუმატებელი იყო. შესაბამისად, აუცილებელია თავისუფალი კონკურენტული გარემოს შენარჩუნება", - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.
ამავე კითხვას უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის კომისიის საქმიანობა ფასწარმოქმნის გამჭვირვალობას უწყობს ხელს და ემსახურება კონკურენციის შესაძლო დარღვევებისა და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას.
"რაც შეეხება კონკრეტულად მთავრობის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კომისიები და განხილვა ხდება სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე საცალო ვაჭრობაში არსებული ფასწარმოქმნის, ეს ემსახურება კონკურენციის ხელშეწყობას, ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის წესების დადგენას, რაც, სხვათა შორის ევროპული პრაქტიკაა; ემსახურება კონკურენციის შესაძლო დარღვევის და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას. ანუ ეს არის სტრუქტურული საკითხი, რაც არის სრულიად მთავრობის კომპეტენციაში, აქედან გამომდინარე, ერთი მეორეს ავსებს. აქ რაიმე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, პირიქით, სინერგიის ეფექტია", - ამბობს ნათია თურნავა.




























