მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასების რეგულირებას წერტილი უნდა დაესვას“ - რევაზ ვაშაკიძე

642bd04046105
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.23 11:43
585
„ფასების რეგულირებას წერტილი უნდა დაესვას“ - ეს განცხადება კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა #წერტილში სტუმრობისას, მთავრობის ეკონომიკური გუნდის საქმიანობის შეფასებისას გააკეთა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა პროდუქტის ფასწარმოქმნაში ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედებს. რევაზ ვაშაკიძემ მაგალითისთვის ფარმაცევტული სექტორი მოიყვანა, სადაც მთავრობამ რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1 100 მედიკამენტზე დაადგინა. „ჩირინას“ დამფუძნებელმა მედიკამენტის ფასების რეგულირებით გაჩენილ რისკებზე - წამლების დეფიციტსა და არაფორმალურ ბაზარზე მათ გადატანაზე გაამახვილა ყურადღება.

„90-იან წლებში ყველაფერზე ხდებოდა ფასების დადგენა, რამაც დეფიციტი გამოიწვია.

საქართველოში ყველა მთავრობას ყოველთვის პროდუქტებზე ფასის შემცირებით ხალხისთვის კარგის გაკეთება სურდა და ყველა ამას ცდილობდა. ჩვენ ან საბჭოთა კავშირის პრინციპით უნდა ვიცხოვროთ, როდესაც ხელისუფლება ფასებს არეგულირებდა, ან უნდა ვიცხოვროთ საბაზრო პრინციპით.

ქვეყანაში ფასების რეგულირება დაიწყო წამლებზე. საქართველო არც ისე დიდი ბაზარია და რეგულირებულ ბაზარზე შემოსული დიდი კომპანიები ქვეყნიდან გასვლას დაიწყებენ. ნებისმიერი ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა, რაც შეიძლება მაქსიმალურ მარჟაზე იმუშაოს და მოგება მიიღოს, ეს ბუნებრივია. წამლებზე ფასების დადგენით კი ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ამ პერიოდში წამლების ინდუსტრია დაეცემა და ბევრი წამალი ბაზრიდან გაქრება.

პრინციპი ის არის, რომ მოხდება ამ წამლების ან შემცირება, ან ქვეყნიდან გასვლა და წარმოიქმნება დეფიციტი, გარკვეულ პერიოდში წამლების ბაზარი გახდება ისეთი, რომ ჩვენ აფთიაქებში კი აღარ შევიძენთ წამლებს, არამედ კერძო პირებთან მივალთ. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ და დიდ, განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებს ვერ შეედრება და ამგვარი გადაწყვეტები კონკრეტულ დარგებსა და შესაბამისად, ეკონომიკას დააზარალებს.

„საქართველო ევროპულ ქვეყანას არ უნდა შევადაროთ, ან დიდ ბაზარს, როგორიცაა თურქეთი ან გერმანია. ფასების რეგულირებისას, პირველი, რაც მოხდება, კომპანიები გავლენ ბაზრიდან, შემდეგ საქართველოში განვითარებული სამედიცინო კომპანიების დეგრადაცია მოხდება, რომლებიც წლების განმავლობაში ინვესტიციებს აკეთებდნენ და იზრდებოდნენ. ისინი თავის პროდუქტს მხოლოდ ექსპორტზე გაიტანენ, რაც ბაზარს გააფუჭებს.

ამ წარმოებისთვის შეიძლება გადასახადები გაეზარდათ, ან ექსპორტის მიმართულებით რამე ეღონათ, თუმცა უშუალოდ ფასების რეგულირებას წერტილი უნდა დაესვას. ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა „ჩირინას“ დამფუძნებელმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები