ფასების რეგულირების დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც BMG-ის პარტიიდან აცნობეს, უმრავლესობის წევრებმა სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და ასევე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიაზე.
"უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება ინიციატივა - ფასების რეგულირების დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც კომისია პარლამენტში მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს", - აცხადებენ პარტიაში.
უკვე ცნობილია, რომ ფასების რეგულირების დროებითი საგამოძიებო კომისიას დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ: სურსათის ფასების ფორმირების შესწავლის მიზნით, ბოლო ორი კვირაა მთავრობის ადმინისტრაციაში ე.წ. "ფასების კომისია" კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ასევე, გამოძიებას აწარმოებს სუსიც.




























