გუშინ გავიგეთ, რომ სადისტრიბუციო და სარეალიზაციო კომპანიებში ერთდროულად ორი უწყება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – შევიდა. ეს ირაკლი კობახიძის დაპირების გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც სურსათზე ფასები უნდა გაიაფდეს.
ამ მიზნით სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიაც შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელი თავად ირაკლი კობახიძეა. 2026 წლის 20 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში "ფასების სამთავრობო კომისიის" პირველი სხდომა გაიმართა, რომელზედაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ კერძო სექტორთან აქტიური მუშაობა დაიგეგმა.
21 იანვარს "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დასრულების შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორის ფასების შემცირების შესახებ სახელმწიფოს ხედვას იზიარებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ამასთან, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზეც. სამთავრობო კომისიის საქმიანობის შედეგები კი საზოგადოებისთვის ცნობილი აპრილის ბოლომდე გახდება.
რითეილ ასოციაციის განცხადებით, გაერთიანების ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.
დღეს შეხვედრა ჩანიშნულია დისტრიბუტორებთან. გუშინ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ ბიემჯი–ს დაუკონკრეტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 17 სადისტრიბუციო კომპანიაში იყო შესული და ისიც აღნიშნა, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდების პრობლემა არც აქამდე ჰქონია და ამჯერადაც უკეთესი იქნებოდა, თუ კომპანიებს კვლავ კონკურენციის სააგენტო დაუკავშირდებოდა.
სტუმარი: მიხეილ კუკავა - Stemscale Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად


































