მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასების საპარლამენტო კომისიამ" ფასწარმოქმნის ჯაჭვის პირველი ეტაპის შესწავლა დაასრულა

შოთა ბერეკაშვილი

საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობს, ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრების ციკლი დაასრულა.

კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, წინა სხდომების შედეგები შეაჯამა და ის ძირითადი ფაქტორები დაასახელა, რომლებიც ადგილობრივი ნაწარმის თვითღირებულებასა და საბოლოო სამომხმარებლო ფასს ზრდის.

ბერეკაშილის თქმით, კომისიის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე კრიტიკული მიმართულება, რაც ბიზნესს არაკონკურენტულ გარემოში აყენებს:

  • იმპორტდამოკიდებულება: წარმოების დიდი ნაწილი დამოკიდებულია უცხოურ ნედლეულზე, რაც პირდაპირ აისახება ინფლაციურ რისკებზე;
  • საოპერაციო ხარჯების ზრდა: მკვეთრად არის გაზრდილი რეალიზაციის ხარჯები, რაც უშუალოდ ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობას უკავშირდება;
  • ძვირი ფინანსური რესურსი: სამუშაო კაპიტალის დეფიციტის გამო, მწარმოებლებს უწევთ საბანკო სესხების აღება 15-16%-იან განაკვეთში, რაც ავტომატურად აისახება საბოლოო ფასში.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა გამოვყო: პირველი ის, რომ წარმოების დიდი ნაწილი იმპორტულ ნედლეულზეა დამოკიდებული, რაც თავისთავად ინფლაციის რისკებს ქმნის. მეორე, საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა არის. განსაკუთრებით ზრდა არის გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯებში, რაც პირდაპირ მიბმულია ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობებში. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელს განსაკუთრებით ძვირი უჯდება საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია. ასევე დავინახეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სამუშაო კაპიტალის დეფიციტია და მწარმოებლებს დამატებითი საკრედიტო რესურსების აღება უხდებათ, რაც აძვირებს კაპიტალს, რადგანაც საკრედიტო რესურსი 15-16%-ს შეადგენს და ეს ყოველივე საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო ფასებზე აისახება“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარემ ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრების დროს გამოვლენილ საკითხებზე ისაუბრა.
„ადგილობრივ წარმოებულ პროდუქციაზე ფასების ზრდას სხვადასხვა პრობლემა განაპირობებს, რაც მწარმოებლებთან შეხვედრების დროს მკაფიოდ გამოიკვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ ფასნამატი სამსაფეხურიან პროცესს მოიცავს, რომელიც მწარმოებლისგან, იმპორტიორ-დისტრიბუტორისგან და საცალო ქსელების ოპერატორებისგან შედგება. ამ სამ საფეხურს შორის არის მჭიდრო კავშირი და შესაბამისად, შეუძლებელია დღეს საბოლოო გამოსავალზე ვისაუბროთ, ვიდრე სამივე საფეხურს არ შევისწავლით. დღეს ჩვენ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრები დავასრულეთ და კომისიის შემდეგ სხდომებზე შეხვედრებს იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან გავაგრძელებთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სხდომას ესწრებოდნენ ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა „ბარამბო“, „ტკბილი ქვეყანა“, „ვასაძის პური“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და სხვები. ბიზნესის მხრიდან მთავარი აქცენტი სავაჭრო ქსელების მხრიდან არსებულ „დომინანტურ მდგომარეობაზე“ გაკეთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები