მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების შემცირებისთვის სივრცე ავტომატიზაცია და ადამიანური რესურსის ჩანაცვლებაა - "კარფური"

დავით ქარქაშაძე

საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც ფასწარმოქმნის საკითხებს სწავლობს, „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ იმ რესურსებზე ისაუბრა, რომლებსაც კომპანია პროდუქციის გაიაფებისთვის იყენებს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საოპერაციო ხარჯების შემცირება და პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციაა.

დავით ქარქაშაძის განმარტებით, ვინაიდან ადამიანური რესურსის მობილიზება ბიზნესისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, კომპანია ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს თანამშრომელთა ჩართულობა იქ, სადაც ეს შესაძლებელია.

„მაქსიმალურად ვცდილობთ მოვახდინოთ პროცესების ავტომატიზაცია და ადამიანური რესურსის ჩართულობის შემცირება. ამ მხრივ, ჩვენს მაღაზიებში ინტენსიურად ვავითარებთ სელფ-სერვისებს (თვითმომსახურების აპარატებს). ასევე, უფრო მეტი პროდუქციაა დაფასოებული. ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი ასორტიმენტი, რომელიც არ საჭიროებს ადამიანის მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ თაროზე ფასის ოპტიმიზაციისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

იქამდე, დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ ჰკითხა, სად ხედავს სივრცეს, FMCG ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომ პროდუქციაზე ფასები შემცირდეს.

„კარფურის“ ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ღირებულებათა ჯაჭვში მოგების არათანაბარ გადანაწილებაზეც. მისი თქმით, საქართველოში რიტეილ სექტორის მოგებიანობა ძალიან დაბალია იმ რისკებთან და ხარჯებთან შედარებით, რაც ქსელურ მარკეტებს აქვთ.

მისი თქმით, დისტრიბუტორების მარჟა დაახლოებით 8%-ია, რიტეილერის (მაღაზიის) მარჟა: დისტრიბუტორებზე ორჯერ ნაკლებია. „კარფურის“ შემთხვევაში ნეტო მოგება (NOPAT) მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს.

„ეს არ არის ჯანმრთელი ციფრი. განვითარებული ქვეყნების მოდელით, დისტრიბუტორს, როგორც შუალედურ რგოლს, მოგების მხოლოდ 5% უნდა ჰქონდეს, რითეილერს კი 45%. ჩვენთან ეს აბსოლუტურად აცდენილია კლასიკურ მოდელს, თუმცა ევოლუცია ამ მიმართულებით მიდის“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები