ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით, ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, ასევე წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა.
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმები შესაბამისობაშია მოსაყვანი საერთაშორისო სტანდარტებთან. „კერძოდ, საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ აუდიტის კომიტეტი უნდა შედგებოდეს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან და მას უნდა ხელმძღვანელობდეს დამოუკიდებელი პირი. ასევე, ინტერესთა კონფლიქტის შემცველ ისეთ გარიგებას, რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა ამტკიცებდეს გარე აუდიტორი. კანონპროექტის მიღების მიზეზია, ასევე, ნებისმიერი აქციონერისთვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს ინფორმაცია დირექტორთა შემოსავლების შესახებ“, - ვკიტხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით დგინდება, რომ გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა შემოწმდეს გარე აუდიტორის მიერ. გარე აუდიტორი ამოწმებს, იდება თუ არა გარიგება არსებითად იმავე პირობებით, როგორითაც დაიდებოდა დაინტერესების არმქონე პირებს შორის. გარე აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნა გარიგების დამტკიცებამდე ეგზავნება სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრებას, იმის მიხედვით, თუ ვინ უნდა დაამტკიცოს ეს გარიგება.
ანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

























