თბილისში საცობების შემცირების გზებზე მსჯელობა კვლავ აქტუალურია. საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თუ საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოება? - რომელი მიდგომაა უფრო ეფექტიანი და რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი?
მსოფლიოს ქალაქების გამოცდილება აჩვენებს, რომ საცობებთან ბრძოლის ერთი უნივერსალური გზა არ არსებობს. სტოკჰოლმისა და მილანის შემთხვევაში, ქალაქის ცენტრში ფასიანმა შესვლამ ავტომობილების ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირა; კოპენჰაგენსა და ამსტერდამში გადაადგილების რეალურ ალტერნატივად ველოსიპედი იქცა; ლოს-ანჯელესის მაგალითმა კი აჩვენა, რომ გზების გაფართოება საცობების პრობლემას გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის ვერ აგვარებს.
ამ ქალაქების გამოცდილებაში მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უკავია. ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას თან ახლავს მეტროს, ავტობუსების, ტრამვაისა და საგარეუბნო მატარებლების განვითარებული ქსელები, რომლებიც მოსახლეობას გადაადგილების ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
BM.GE-მ შვიდი ქალაქის - სტოკჰოლმის, ლონდონის, მილანის, ბოგოტას, კოპენჰაგენის, ამსტერდამისა და ლოს-ანჯელესის გამოცდილებები შეისწავლა, მოიკვლია, რა გადაწყვეტილებები მიიღეს თითოეულ მათგანში საცობების შესამცირებლად და რა შედეგებს მიაღწიეს ამით.
სტოკჰოლმი: როგორ შეამცირა ქალაქმა საცობები ცენტრალურ ნაწილში ფასიანი შესვლით
2006 წელს სტოკჰოლმმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილით შესვლა ფასიანი გახადა. გადასახადი დღის მონაკვეთის მიხედვით იცვლებოდა და პიკის საათებში უფრო მაღალი იყო. თავდაპირველად სისტემა შვიდთვიანი ექსპერიმენტის სახით ამოქმედდა. პარალელურად ქალაქმა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გააძლიერა - მეტროსა და საგარეუბნო მატარებლების არსებულ ქსელს დაახლოებით 200 ახალი ავტობუსი და 16 მარშრუტი დაემატა. გაიზარდა რეისების სიხშირე და ქალაქის ცენტრალური ნაწილის გარეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან პარკირების დამატებითი ადგილებიც მოეწყო. ეს მძღოლებს საშუალებას აძლევდა, ავტომობილები პარკინგზე დაეტოვებინათ და ქალაქის ცენტრისკენ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაეგრძელებინათ.
შედეგად, ფასიანი ზონის საზღვარზე ავტომობილების მოძრაობა დაახლოებით 20–22%-ით შემცირდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. ექსპერიმენტის შემდეგ ჩატარებულ რეფერენდუმზე სტოკჰოლმის მოსახლეობამ სისტემის შენარჩუნებას მხარი დაუჭირა და 2007 წლიდან გადასახადი მუდმივ საფუძველზე ამოქმედდა. კვლევების მიხედვით, ავტომობილების ნაკადის შემცირების ეფექტი ხუთი წლის შემდეგაც შენარჩუნებული იყო.
ამგვარად, სტოკჰოლმის შემთხვევაში ფასიანი შესვლის სისტემამ არა მხოლოდ საწყის ეტაპზე შეამცირა ავტომობილების ნაკადი, არამედ მიღწეული შედეგი მომდევნო წლებშიც შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მოძრაობის შეფერხებები კვლავ ფიქსირდება, ცენტრალურ ნაწილში ავტომობილების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.
სწორედ შედეგის გრძელვადიანი შენარჩუნება აქცევს სტოკჰოლმს საცობებთან ბრძოლის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად.
ლონდონი: ნაკლები ავტომობილი ქალაქის ცენტრში
2003 წელს ლონდონმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილით გადაადგილებაზე გადასახადი დააწესა. თავდაპირველად იგი დღეში 5 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. რეფორმას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძლიერებაც ახლდა თან - გაიზარდა ავტობუსების რაოდენობა და გაუმჯობესდა მომსახურება.
შედეგად, რეფორმის პირველ წელს საცობების მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა. მართალია, 2008 წლისთვის საცობების მაჩვენებელი რეფორმამდელ დონეს დაუბრუნდა, მაგრამ ქალაქის ცენტრში ავტომობილების ნაკადი კვლავ მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. საცობების ხელახალი ზრდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ქუჩებში სივრცის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქვეითებისა და ველოსიპედისტების სასარგებლოდ გადანაწილებამ განაპირობა.
ლონდონის გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტომობილების ნაკადის შემცირება მნიშვნელოვანი შედეგია, თუმცა საცობების გრძელვადიანი შემცირებისთვის მხოლოდ ფასიანი შესვლის დაწესება საკმარისი არ არის.
მილანი: როგორ შეამცირა ქალაქმა ცენტრში ავტომობილების მოძრაობა
2012 წელს მილანმა საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ისტორიულ ცენტრში ავტომობილით შესვლა ფასიანი გახადა. სისტემა სახელწოდებით Area C სამუშაო დღეებში მოქმედებს და ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილების ნაკადის შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან, ქალაქს მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსების ფართო ქსელი აქვს, რაც მოსახლეობას გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს.
მილანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის მობილობის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს Area C-ში სამუშაო დღეებში საშუალოდ 91.7 ათასი შესვლა ფიქსირდებოდა, 2025 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 68.6 ათასამდე, 25%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში ზონაში ავტომობილებიდან აზოტის ოქსიდების დღიური გამონაბოლქვი 81%-ით შემცირდა, რასაც უფრო ეკოლოგიური ავტომობილების გავრცელებამაც შეუწყო ხელი.
მილანის გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალაქის ცენტრში ავტომობილების მოძრაობის შემცირების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება ფასიანი შესვლის სისტემაა. ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო როგორც სატრანსპორტო დატვირთვის, ისე ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირებას. ამასთან, მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსების განვითარებული ქსელი მოსახლეობას ქალაქის ცენტრში გადაადგილების ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
ბოგოტა: გაამართლა თუ არა ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვამ
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 1998 წლიდან მოქმედებს სისტემა Pico y Placa, რომელიც საავტომობილო მოძრაობის მანქანების სანომრე ნიშნების მიხედვით შეზღუდვას ითვალისწინებს. სისტემა კვირის კონკრეტულ დღეებში ავტომობილების ნაწილს გადაადგილებას უკრძალავს იმის მიხედვით, თუ რომელი ციფრით მთავრდება მათი სანომრე ნიშანი. თავდაპირველად შეზღუდვა ძირითადად პიკის საათებში მოქმედებდა, თუმცა 2022 წელს მისი მოქმედების დრო დილის 6-დან საღამოს 9 საათამდე გახანგრძლივდა.
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ცვლილებამ გარკვეული შედეგი გამოიღო: 2021 წლის ოქტომბრისა და 2022 წლის მარტის მონაცემების შედარებით, სამუშაო დღეებში გზების გადატვირთულობა საშუალოდ 11%-ით შემცირდა.
პარალელურად, ბოგოტაში მოქმედებს TransMilenio - სწრაფი ავტობუსების სისტემა (BRT), რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე მოძრაობს და მეტროს არქონის პირობებში მასობრივი გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. თუმცა მგზავრთა დიდი ნაკადი და გადატვირთულობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობასაც ზღუდავს.
ბოგოტა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას დღესაც აგრძელებს. 2026 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 44.6% TransMilenio-ს გადაადგილების ძირითად საშუალებად ასახელებს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ქალაქში მეტროს პირველი ხაზი შენდება, რომლის ამოქმედებაც 2028 წელს იგეგმება. თითქმის 24-კილომეტრიანი ხაზის 16 სადგურიდან 10 პირდაპირ დაუკავშირდება TransMilenio-ს სადგურებს.
სანომრე ნიშნების მიხედვით მოძრაობის შეზღუდვას ნაკლოვანებებიც აღმოაჩნდა. ზოგიერთი მძღოლი მგზავრობის დროს ცვლიდა, ნაწილმა კი დამატებითი ავტომობილიც შეიძინა, რათა სხვადასხვა დღეს გადაადგილება შესძლებოდა.
ბოგოტას გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტომობილების მოძრაობის ადმინისტრაციული შეზღუდვით შესაძლებელია გზების გადატვირთულობის შემცირება, თუმცა გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოსახლეობისთვის პირადი ავტომობილის რეალური ალტერნატივის შეთავაზება.
კოპენჰაგენი: როგორ იქცა ველოსიპედი ავტომობილის ალტერნატივად
კოპენჰაგენმა საცობებთან ბრძოლაში აქცენტი არა მხოლოდ ავტომობილების შეზღუდვაზე, არამედ გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების განვითარებაზე გააკეთა. დანიის დედაქალაქში ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ველობილიკების ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელი, უსაფრთხო გზაჯვარედინები და მარშრუტები, რომლებიც გარეუბნებს ცენტრთან აკავშირებს. ველოსიპედით გადაადგილებას ხელს უწყობს მეტროს, საგარეუბნო მატარებლებისა და ავტობუსების ქსელიც, რაც მოსახლეობას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების კომბინირების შესაძლებლობას აძლევს.
ამ პოლიტიკის შედეგი სტატისტიკაშიც ჩანს. 2024 წელს კოპენჰაგენში განხორციელებული მგზავრობების 29% ველოსიპედზე მოდიოდა, ხოლო ავტომობილით გადაადგილების წილი ასევე 29% იყო. ქალაქში მოწყობილია დაახლოებით 398 კილომეტრი განცალკევებული ველობილიკი. ამასთან, კოპენჰაგენი მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ავტომობილით მგზავრობის წილი 25%-მდე ან უფრო დაბალ ნიშნულამდე შეამციროს.
კოპენჰაგენმა შეძლო, ველოსიპედი ყოველდღიური გადაადგილების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად ექცია. ქალაქში მგზავრობების თითქმის მესამედი ველოსიპედით ხორციელდება, რასაც უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებული ქსელი უწყობს ხელს. კოპენჰაგენის მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ყოველდღიური გადაადგილებისთვის პირადი ავტომობილის გამოყენება აღარ სჭირდება.
ამსტერდამი: როგორ უთმობს ქალაქი ავტომობილების ადგილს ველოსიპედებსა და ფეხით მოსიარულეებს
ამსტერდამი მსოფლიოში ველოსიპედით გადაადგილებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქად ითვლება, თუმცა ავტომობილების მოძრაობის შემცირებაზე მუშაობას კვლავ აგრძელებს. ქალაქის მიდგომა მხოლოდ ველობილიკების მოწყობას არ გულისხმობს - თანდათან მცირდება ქუჩაში პარკირების ადგილები, ხოლო გამოთავისუფლებული სივრცე ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებსა და გამწვანებას ეთმობა.
2019 წელს ამსტერდამმა ავტომობილების მოძრაობისა და პარკირების შემცირების პროგრამა დაიწყო. მუნიციპალიტეტის მონაცემებით, 2019–2025 წლებში ქალაქში თითქმის 10 ათასი საპარკინგე ადგილი გაუქმდა ან სხვა დანიშნულებით გადაკეთდა. ამასთან, იზღუდება პარკირების ახალი ნებართვების გაცემაც. ავტომობილის ალტერნატივას მეტროს, ტრამვაის, ავტობუსებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებული ქსელი ქმნის.
ამსტერდამის მუნიციპალიტეტის კვლევითი სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს სამუშაო დღეებში ადგილობრივი მცხოვრებლების გადაადგილების 34.4% ველოსიპედით ხორციელდებოდა, 30% - ფეხით, ხოლო 21.4% - ავტომობილით. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ქალაქში ყოველდღიური გადაადგილების უდიდესი ნაწილი პირადი ავტომობილის გარეშე ხორციელდება.
ამსტერდამის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ქალაქი არა მხოლოდ ალტერნატიულ ტრანსპორტს ავითარებს, არამედ თანდათან ცვლის ქუჩების გამოყენების პრიორიტეტებს და მეტ სივრცეს უთმობს ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს.
ლოს-ანჯელესი: რატომ ვერ მოაგვარა გზების გაფართოებამ საცობების პრობლემა
ლოს-ანჯელესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტოდამოკიდებული ქალაქია, სადაც საცობების შესამცირებლად გზების გაფართოებას არაერთხელ მიმართეს. ამის ცნობილი მაგალითია I-405 ავტომაგისტრალი, რომლის 16-კილომეტრიან მონაკვეთზე 2014 წელს დასრულებული, დაახლოებით 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, ჩრდილოეთის მიმართულებით დამატებითი ზოლი მოეწყო რამდენიმე მგზავრის გადამყვანი ავტომობილებისთვის. ასევე გაფართოვდა გზის ცალკეული მონაკვეთები და განახლდა გადასასვლელები.
პროექტმა თავდაპირველად გარკვეული შედეგი გამოიღო. სატრანსპორტო უწყების შეფასებით, ჩრდილოეთის მიმართულებით პიკის საათებში ავტომაგისტრალის გამტარუნარიანობა საათში 10 ათასიდან 11.7 ათას ავტომობილამდე გაიზარდა, ხოლო ყველაზე გადატვირთული პერიოდი სამუშაო დღეებში ორი საათით შემცირდა. თუმცა გადაადგილების დროის გაუმჯობესება ერთგვაროვანი არ ყოფილა და საღამოს პიკის საათებში შეფერხებები კვლავ პრობლემად დარჩა.
2019 წელს სატრანსპორტო უწყებამ აღნიშნა, რომ გზის გაფართოებით შექმნილი დამატებითი გამტარუნარიანობა ავტომობილებზე მაღალმა მოთხოვნამ სწრაფად აითვისა. ამ მოვლენას „ინდუცირებულ მოთხოვნას“ უწოდებენ: გზის გაფართოების შედეგად გადაადგილება თავდაპირველად მარტივდება, თუმცა გაუმჯობესებული პირობები ავტომობილით მგზავრობაზე მოთხოვნას ზრდის. ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ ავტომობილს. შედეგად, გზაზე მოძრაობა კვლავ ინტენსიური ხდება და თავდაპირველად მიღებული სარგებელი თანდათან მცირდება.
ლოს-ანჯელესის გამოცდილება აჩვენებს, რომ გზების გაფართოებას გარკვეული სარგებელი მოაქვს, თუმცა მხოლოდ დამატებითი ზოლების მოწყობა საცობების გრძელვადიან გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს.
თბილისის სატრანსპორტო გეგმა
განხილული ქალაქების გამოცდილება აჩვენებს, რომ საცობებთან ბრძოლის პოლიტიკა მხოლოდ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის გადაადგილების სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი ალტერნატივების შეთავაზება. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება თბილისის 2023–2043 წლების სატრანსპორტო გეგმაც, რომელიც დედაქალაქის მერიამ აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით შეიმუშავა.
გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პირად ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამისთვის დოკუმენტი ითვალისწინებს მეტროს მოდერნიზაციას, ავტობუსების ათი სატრანზიტო დერეფნის მოწყობას, საბაგირო და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას, პარკირების პოლიტიკის ცვლილებას, საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას.
გეგმის მიხედვით, 2043 წლისთვის პირადი ავტომობილით განხორციელებული მგზავრობების წილი 29.7%-დან 20%-მდე უნდა შემცირდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი კი 39.1%-დან 43%-მდე გაიზარდოს. ველოსიპედით გადაადგილების წილის ზრდა 0.1%-დან 8%-მდეა გათვალისწინებული. სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრისას საბაზისო წლად 2016-ია გამოყენებული. გეგმის შემუშავებისას პირველი ხუთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის საჭირო ინვესტიციები 505–515 მლნ აშშ დოლარად შეფასდა.
























