მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასის შემცირების გამო, ქართველ მწარმოებლებს ექსპორტი აღარ უღირთ" - "ღლონტების თაფლი"

თაფლი 2

"ღლონტების თაფლის" დამფუძნებელი ვახტანგ ღლონტი ამბობს, რომ საექსპორტო პროდუქციის ფასი 30-40%-ით არის შემცირებული, რაც ადგილობრივი თაფლის მწარმოებლებისთვის იმდენად დაბალია, რომ მათ ექსპორტი აღარ უღირთ.

როგორც მან bm.ge-ის უთხრა, მის კომპანიას ექსპორტი სრულად გაჩერებული აქვს და აქცენტს უკვე ადგილობრივ ბაზარზე აკეთებს. თუმცა ღლონტის შეფასებით, იმისთვის, რომ ქართული თაფლის საექსპორტო მოცულობები გაიზარდოს, ახალი ბაზრების მოძიებაა აუცილებელი და ეს ბაზრები შეიძლება იყოს როგორც თურქეთი, ისე შუა აზიის ქვეყნები.

“ექსპორტზე 16 ტონა თაფლია საქართველოდან გასული, რაც ვთვლი, რომ ძალიან ცუდი მაჩვენებელია, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ აკაციის თაფლზე იყო გაკეთებული აქცენტი და წელს ფაქტობრივად აკაციის თაფლი არ ყოფილა საქართველოში. გასული წლების ექსპორტს ხელი იმან შეუწყო, რომ იყო რაღაც რაოდენობის თაფლი დამარაგებული, ამიტომაც ექსპორტი მარტივად გაკეთდა

რაც შეეხება ევროპის ბაზარს, პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ევროპის ბაზარზე თაფლის ღირებულება შემცირდა. რეალურად, თუ გასულ წელს რაღაც x თანხა ღირდა, წელს საექსპორტო ფასი შემცირებულია 30-40%-ით. ქართველ მეფუტკრე მწარმოებელს აღარც უღირს ექსპორტი საქართველოდან. ვთვლი, რომ მომავალში როგორც ხელისუფლებამ ისე მეფუტკრეთა გაერთიანებამ უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გავიდეს თაფლი მათ შორის ერთ-ერთი არის თურქეთი, ასევე შუა აზიის ქვეყნები”, - ამბობს "ღლონტების თაფლის" დამფუძნებელი.

ვახტანგ ღლონტის თქმით, წლის განმავლობაში მისი ბრენდის ქვეშ 20 ტონამდე თაფლი იწარმოება, რომლის რეალიზაციაც სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ამასთან, მისივე შეფასებით, ღლონტების თაფლზე მოთხოვნაა როგორც ჰორეკა სექტორიდან ისე ნიშური მცირე ზომის მარკეტებიდან.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 69%-ით შემცირდა. ჯამში სხვადასხვა ბაზარზე 16 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა 40 ტონა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები