რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მარიტა“ ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანას დროებით აღარ აპირებს. კომპანიის წარმომადგენლის, ქეთი ბოლქვაძის განცხადებით, ქსელებთან თანამშრომლობის მთავარი დაბრკოლება ფასნამატია, რის გამოც პროდუქციის საბოლოო ღირებულება იზრდება.
როგორც ქეთი ბოლქვაძემ BM.GE-ს განუცხადა, კომპანიას ქსელურ მარკეტებში შესვლის სურვილი და ამისთვის საჭირო მზაობა ჰქონდა, თუმცა ფასნამატის გათვალისწინებით ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება აღარ ჩათვალა მიზანშეწონილად. მისი თქმით, ამ ეტაპზე "მარიტას" პროდუქცია ონლაინ არხების საშუალებით იყიდება, ამასთან შეძენა ადგილზევეა შესაძლებელი.
„ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი პროდუქცია ქსელურ მარკეტებში შესულიყო და ამისთვის ყველანაირი მზაობა გვქონდა. თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ფასნამატი და, გამომდინარე აქედან, დროებით აღარ შევდივართ ქსელურ მარკეტებში, რადგან ძალიან ძვირი გამოდის. პროდუქციის რეალიზაციას თავად ვახორციელებთ - იქნება ეს ონლაინ გაყიდვები თუ ადგილზე, უშუალოდ ჩვენთან შეძენა“, - აცხადებს ქეთი ბოლქვაძე.
მისი განმარტებით, კომპანიას ამჟამად წარმოების გაფართოებაც შეზღუდული აქვს, რადგან რძის მიწოდება შემცირებულია და არსებული რესურსითაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება უჭირს. შესაბამისად, „მარიტა“ ახალი პროდუქტების დამატების ნაცვლად იმ ნაწარმის წარმოებაზეა ორიენტირებული, რომელზედაც ბაზარზე მოთხოვნა მაღალია.
























