მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების 30% სიჩქარის გადაჭარბების შედეგია"

5cc1c894c81aa
მარიამ ადამია
25.04.19 22:00
1122
"ავტოსაგზაო შემთხვევების 30%, რომლებიც ფატალურად მთავრდება, სიჩქარის გადაჭარბებითაა განპირობებული", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ანალიზის სამართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაა ძირითადი მიზანი, რის გამოც სამინისტრომ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც ქულების ჩამოკლების სისტემის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემაზე მიბმას უკავშირდება.

"კანონი, რომელზეც შსს მუშაობს, ჯერჯერობით ინიციატივის ეტაპზეა. ის გაივლის შესაბამის ინსტანციებს, გაიმართება ფართო საჯარო კოსულტაციები და თუკი რაიმე სამართლებრივი საკითხები აღმოჩნდება გამოსასწორებელი, ის შეიცვლება. როდესაც დღეს თქვენი ავტომობილით ხდება სამართალდარღვევა, ფულადი სანქცია ავტომობილის მეპატრონეს ყველა შემთხვევაში ეკისრება, შესაბამისად ამ ნაწილში ეს რეალობა არ იცვლება", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული მოდელი აპრობირებულია და ევროპის წამყვან ქვეყნებში ფართოდ არის გავრცელებული.

"საკითხზე იმსჯელეს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და არანაირი სამართლებრივი კაზუსი არ არის.

პრინციპი და მიდგომა არის შემდეგი: სამინისტრო ცდილობს დაადგინოს, ვინ იჯდა საჭესთან, თუმცა როცა ამას ვერ ახერხებს, დანაშაულის პრეზუმციის ძალით, პასუხისმგებლობას მესაკუთრეს აკისრებს და მას საშუალებას აძლევს, გარკვეული ვადის განმავლობაში წარადგინოს სამართალდამრღვევი პირი. იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრის მიერ დასახელდება უშუალოდ დამრღვევი მძღოლი და დადასტურდება მისი დარღვევის ფაქტი, ამის შემდეგ ხდება უკვე სანქციის გადაკისრება", - აღნიშნა შსს-ის რეფორმებისა და ანალიზის სამართველოს უფროსმა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 48 საათის განმავლობაში საქართველოს გზებზე 25 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 30-მდე კი დაშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები