“ჩვენ ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ. ამასთან ერთად, შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები”, - ამის შესახებ გადაცემა “ქალების ნარატივში” კომპანია “ფავორიტი სტილის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანა გობრონიძემ განაცხადა, მაგრამ რიცხვი არ დაუკონკრეტებია.
„ეს ცოცხალი პროცესია, "სახის ფარების" წარმოების დაწყების შემდეგ დავამატეთ თანამშრომლები, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჩვენი სხვა მიმართულებებიდან გადმოვამისამართეთ. ძირითადად, შეკვეთებიდან გამომდინარე ვზრდით და ვამცირებთ დასაქმებულთა რიცხვს”, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
საქმე იმაშია, რომ “ფავორიტი სტილი” პოლიგრაფიულ, ბეჭდვით, ასევე დიზაინისა და რეკლამის მიმართულებით მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ კომპანიაში სახის დამცავი ფარებისა და სადეზინფექციო ხსნარების წარმოებაც დაიწყეს და ამ გადაწყობისთვის საწარმოს სულ რამდენიმე დღე დასჭირდა. “ფავორიტი სტილის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ახალ პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ კომპანია მის დაკმაყოფილებას ახერხებს.
ანა გობრონიძემ “ქალების ნარატივთან“ ინტერვიუში საწარმოში დაცულ უსაფრთხოების სტანდარტებზეც ისაუბრა.
„უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, წარმოება სხვადასხვა ლოკაციებზე გადავანაწილეთ; ერთ სივრცეში იმაზე მეტი ადამიანი არ არის თავმოყრილი, რაც ფართიდან გამომდინარეა დასაშვები“, - აღნიშნა მან.