მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ ომიკრონის ქვეშტამებზე ბუსტერი დაამტკიცა

6310e384874f9
BM.GE
01.09.22 22:30
640
ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის ბუსტერის 2 განახლებული ვერსია დაამტკიცა. ავტორიზაცია „მოდერნასა“ და „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინებმა მიიღო. ბუსტერის ეს ახალი დოზა სპეციალურადაა შეცვლილი იმისთვის, რომ ომიკრონის ახალ, ამჟამად ყველაზე გავრცელებულ ქვევარიანტებს - BA.4/BA.5-ს ყველაზე ეფექტურად ებრძოლოს. შემდეგ ეტაპზე, კი საკითხს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი განიხილავს.

ამერიკის მთავრობას უკვე დარეზერვებული აქვს „ფაიზერის“ განახლებული ვაქცინის 105 მილიონი და „მოდერნას“ 66 მილიონი დოზა და ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერებას შემოდგომიდან გეგმავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა დაახლოებით 88%-ს ამჟამად სწორედ BA.5 აქვს, სწორედ აქედან გამომდინარე, საკვებისა და სურსათის ადმინისტრაციამ ვაქცინის უდიდეს მწარმოებლებს სთხოვა ბუსტერების ისეთი მოდიფიცირება, რომ ისინი მსოფლიოში ახლა ფართოდ გავრცელებულ ორ ქვევარიანტს გამკლავებოდა.

„სერიოზული შედეგებისა და სიმპტომური დაავადების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა იმუნური სისტემის განახლება მოხდეს და ორგანიზმი გახდეს ბრძოლისუნარიანი ომიკრონის იმ ახალ ქვეშტამებთან, რომლებიც ახლა ცირკულირებს. ვაქცინის მესამე დოზის მიღება იმ პირებისთვის, რომლებმაც ორი დოზა უკვე მიიღეს, შეამცირებს და მეტიც, გაანახევრებს იმის შანსს, რომ ისინი COVID 19-ით დაინფიცირდნენ,“ - აცხადებს პიტერ მარკსი, FDA-ის ბიოლოგიური კვლევისა და შეფასების ცენტრის დირექტორი.

მწარმოებლებს უშუალოდ BA.4/BA.5 ქვეშტამების წინააღმდეგ მიმართული ბუსტერები ჯერ ადამიანებზე არ გამოუცდიათ. FDA-მ გადაწყვეტილება წინა ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მონაცემებზე დაყრდნობით და იმ კლინიკური კვლევების საფუძველზე მიიღო, რომელიც ომიკრონის BA.1 ქვევარიანტის წინააღმდეგ შექმნილი ბივალენტური ბუსტერის შექმნისას ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები