აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Philip Morris International-ის საკუთრებაში არსებულ კომპანია Swedish Match USA-ს შეუძლია ZYN-ის ნიკოტინის ბალიშების 20 სახეობა ბაზარზე განსხვავებული ფორმით წარადგინოს — მომხმარებლებს ეცნობება, რომ სიგარეტთან შედარებით ამ პროდუქტების გამოყენება ჯანმრთელობისთვის ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული.
30 ივნისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პროდუქტებზე კომპანიას ეძლევა უფლება, მარკეტინგში მიუთითოს, რომ ZYN-ის გამოყენება სიგარეტთან შედარებით დაკავშირებულია მოწევასთან ასოცირებული მძიმე ქრონიკული დაავადებების - მათ შორის პირის ღრუს სიმსივნის, გულის დაავადებების, ფილტვის კიბოს, ინსულტის და ქრონიკული ბრონქიტის დაბალ რისკთან.
ეს წარმოადგენს "მოდიფიცირებული რისკის" სტატუსს, რაც ნიშნავს, რომ FDA-ის თანახმად, აღნიშნული პროდუქტები მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მწეველთათვის სიგარეტთან შედარებით ნაკლებ რისკს მოიცავს.
დამტკიცებული პროდუქტები მოიცავს ZYN-ის ათ არომატს, თითოეულს ორი სიძლიერით (3 მგ და 6 მგ): Chill, Cinnamon, Citrus, Coffee, Cool Mint, Menthol, Peppermint, Smooth, Spearmint და Wintergreen.
FDA-ის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება ეფუძნება მრავალწლიანი სამეცნიერო შეფასების პროცესს, სადაც განიხილებოდა როგორც პროდუქტის ჯანმრთელობაზე გავლენა, ისე მომხმარებლების მიერ ინფორმაციის სწორად აღქმა და ახალგაზრდებში გამოყენების შესაძლო რისკები.
სააგენტოს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის მოქმედმა დირექტორმა ბრეტ კოპლოუმ აღნიშნა, რომ მიზანი არის ზრდასრულ მომხმარებლებს მიეწოდოთ მკაფიო და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაცია, რათა მათ შეძლონ უკეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
FDA ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს სტატუსი ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტებზე და არ ნიშნავს, რომ ნიკოტინის პაკეტების მთელი კატეგორია ან ბრენდი ავტომატურად ითვლება შემცირებული რისკის მქონედ.
სააგენტო მკაფიოდ აღნიშნავს, რომ თამბაქოს ან ნიკოტინის პროდუქტი სრულად უსაფრთხო არ არის. იმ ადამიანებს, ვინც არ იყენებს თამბაქოს, FDA მათი გამოყენების დაწყებას არ ურჩევს.
FDA აღნიშნავს რომ მწეველებისთვის საუკეთესო არჩევანი კვლავ ყველა სახის თამბაქოს პროდუქტის სრულად შეწყვეტაა. თუმცა, თუ ზრდასრული მწეველი გადადის სიგარეტიდან მოდიფიცირებული რისკის მქონე ნიკოტინის ბალიშზე, შესაძლებელია მასზე შემცირდეს სიგარეტში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება.
ZYN-ისთვის მინიჭებული სტატუსი ხუთი წლის ვადით მოქმედებს. ამ პერიოდში კომპანია ვალდებულია, FDA-ს წარუდგინოს დამატებითი მონაცემები მათ შორის ინფორმაცია მომხმარებლების ქცევასა და პროდუქტის აღქმაზე.
ამასთან, FDA უფლებამოსილია, გადაწყვეტილება გადახედოს ან გააუქმოს, თუ მომავალში დაადგენს, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებს აღარ ემსახურება, მაგალითად, ახალგაზრდებში გამოყენების ზრდის შემთხვევაში.
ZYN-ის აღნიშნულ პროდუქტებს აშშ-ის ბაზარზე გაყიდვის უფლება უკვე ჰქონდათ მიღებული 2025 წლის იანვარიდან. ახალი გადაწყვეტილება კი იმას განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება მათი მარკეტინგი განხორციელდეს.
FDA-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე მთლიანობაში ავტორიზებულია 26 ნიკოტინის პაკეტი, რომლებმაც შესაბამისი სამეცნიერო შეფასება გაიარეს.




























