მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI ფაქტობრივად გაცამტვერებულია... საინვესტიციო პროექტები შეჩერებულ-გადადებული - ზვიად სხვიტარიძე

ექსპერტი

საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ საქართველოში მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტები შეჩერებული და გადადებულია. ამის შესახებ მან გადაცემა „წერტილში“ Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინის გაუარესებისა და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

ზვიად სხვიტარიძე აღნიშნავს, რომ Fitch-ის შეფასება პირდაპირი სიგნალია იმის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა განიმუხტოს და სტაბილურ რეჟიმს დაუბრუნდეს.

„Fitch-ი ზოგადად ლოიალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთი მკაცრი არ არის, როგორიც მაგალითად S&P და Moody’s-ი, რომლებიც არა მხოლოდ მოლოდინებს ამცირებენ, არამედ საკრედიტო რეიტინგებს აუარესებენ.

ამის პირდაპირი მაგალითია ის თუ სად არის დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად გაცამტვერებულია, 55%-ით არის შემცირებული ბოლო კვარტალში და მთლიანი წლის ჭრილშიც სერიოზული კლებაა“, - განმარტავს საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტი და აცხადებს, რომ მას, ისევე როგორც ბევრ სხვას უცხოელი პარტნიორების მხრიდან აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში ინვესტირებისგან თავს იკავებენ.

„ის პროექტები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებს ჰქონდათ დაგეგმილი, მათ შორის მეც, ჩემი პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე, უნდოდათ რომ განეხორციელებინათ და ეთანამშრომლათ, სამწუხაროდ, შემდეგი წლის ბოლომდე შეჩერებული და გადადებულია... თუ არა გაუქმებული, იმიტომ რომ გადადებული პროექტის უკან დაბრუნება რთული კი არა, რიგ შემთხვევაში შეუძლებელია“.

„წერტილის“ წამყვანის კითხვაზე - რომელ სექტორებში იგეგმებოდა ინვესტირება და რომელიც ქვეყნებიდან, ზვიად სხვიტარიძე ასე პასუხობს: „ეს ინვესტიციები HORECA-ს ეხება. იყო და ჯერჯერობით ახლაც არის რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციები, საშუალო და მსხვილი დონის სასტუმროების ქსელის შექმნაზე იყო საუბარი, სადაც ჰოლანდიური და ბრიტანული ინვესტიციები უნდა ჩადებულიყო, იყო ასევე სამშენებლო მიმართულებით ინვესტიციის ჩადების სურვილი - საცხოვრებელი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა და მათი მენეჯმენტი... საუბარი მრავალმილიონიან ინვესტიციებზეა, რომელიც ეკონომიკაში ჩადებული ფულია. რეალურად იქ არის დასაქმება და ასეთი პროექტები აქვს როგორც იურისტებს, ასევე ბიზნეს სექტორს, ბევრი საუბრობს იმაზე რომ მათმა პარტნიორმა და ინვესტორმა შეაჩერა ინვესტიციები, ფულს აღარ დებს დ აღარ მივდივართ წინ.

მარკეტინგი პროექტების განვითარების სერიოზული ნაწილია და მილიონებია ჩადებული ამაზე, შესაბამისად მთელ რიგ საერთაშორისო კომპანიების მარკეტინგული ბიუჯეტები სხვა ქვეყნებისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, საქართველომ დაკარგა მიმზიდველობა და ამ პროცესმა ეს კიდევ უფრო დააჩქარა, რაც რა თქმა უნდა პროცესებს კიდევ უფრო ნეგატიურად განავითარებს. მისი აღდგენა ასე ადვილი არ არის და ერთ დღეს ამას ვერ აღადგენ“, - განმარტა ზვიად სხვიტარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები