მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FDI, ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ტურიზმი - როგორია საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კავშირები

ეკონომიკური მდგომარეობა

ხვალ, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა. განხილული იქნება სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკეთებენ განცხადებებს პრესასთან.

ორი ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრამდე, BMG ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ სომხეთთან ეკონომიკურ კავშირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის ჭრილში.

FDI

2025 წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან საქართველოში 10.7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1 მლნ დოლარით ნაკლებია.

ზოგადად, სომხური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება საქართველოში 2003 წლიდან დაიწყო. 2003-2024 წლებში, ჯამში, სომხეთიდან საქართველოში ჩადებული ინვესტიციების მოცულობამ 183.5 მლნ დოლარი შეადგინა. FDI-ის რეკორდული მოცულობა კი გასულ - 2024 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ჩადებული სომხური ინვესტიციის მოცულობამ 23.6 მლნ დოლარი შეადგინა. წლიურად, ეს რიცხვი 24.1%-ით გაიზარდა. ამგვარად სომხურ ინვესტიციებზე ქვეყნის მთლიანი FDI-ს 1.5% მოდიოდა.

საქსტატის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალიდან ჩანს, რომ 2024 წელს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში ინვესტირებით ინტერესდებოდნენ. დარგების რეიტინგი კი, რომლებშიც ყველაზე მეტი სომხური FDI ჩაიდო, ასე გამოიყურება:

  1. ვაჭრობა - $13.1 მლნ;
  2. უძრავი ქონება - $2.5 მლნ;
  3. IT - $1.9 მლნ;
  4. დამმუშავებელი მრეწველობა - $1.3 მლნ;
  5. ტრანსპორტი - $1 მლნ;
  6. ხელოვნება, გართობა, დასვენება - $823 ათასი;
  7. სასტუმროები და რესტორნები - $763 ათასი;
  8. პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - $125 ათასი;

ვაჭრობა

საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით, სომხეთი მოწინავე პოზიციებზეა და ის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. პანდემიური 2020 წლის შემდეგ, სომხეთთან ექსპორტ-იმპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც ამ პერიოდიდან ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით იყო განპირობებული. თუმცა, 2024 წელს ვითარება შეიცვალა, და მეორე წელია, რაც სავაჭრო ბრუნვა მცირდება. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 574.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.1%-ით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, მეზობელი სახელმწიფო უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების ათეულში რჩება და 3%-იანი წილით მეცხრე ადგილს იკავებს. სომხეთთან სავაჭრო სალდო საქართველოს დადებითი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება, თუმცა ვაჭრობის შემცირება სწორედ ექსპორტის კლებით არის განპირობებული. უფრო კონკრეტულად კი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებით. წელს 9 თვეში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში ექსპორტმა 389.5 მლნ დოლარი იყო, რაც 15.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 9 თვის მონაცემებით, სომხეთში მთავარი საექსპორტო პროდუქტის - ავტომობილების რეექსპორტი განახევრებულია.

ექსპორტირებული TOP-10 პროდუქტის რეიტინგი ასეთია:

  1. ავტომობილები - $42.2 მლნ;
  2. ეთილის სპირტი - $32 მლნ;
  3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $19.5 მლნ;
  4. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები - $13 მლნ;
  5. ლიმონათები - $11.4 მლნ;
  6. სინთეზური ბოჭკოების ნართი -$8.6 მლნ;
  7. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $8.1 მლნ;
  8. ჰაერის კონდენციონერები -$7.2 მლნ;
  9. თაბაშირის ნაწარმი - $7.1 მლნ;
  10. ნაქსოვი ხალიჩები - $6.5 მლნ;

წელს სომხეთიდან იმპორტიც შემცირებულია, თუმცა მცირედით. ცხრა თვეში საქართველომ მეზობელი ქვეყნიდან 158.1 მლნ დოლარის საქონელი შეიძინა. კლება 2%-ია.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $43.9 მლნ;
  2. მინის ბოცები და ბოთლები - $20 მლნ;
  3. სიგარები და სიგარილები - $18.1 მლნ;
  4. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები -$16 მლნ;
  5. ელექტროენერგია - $5.5 მლნ;
  6. მსუბუქი ავტომობილები -$5.4 მლნ;
  7. მოჭრილი ყვავილები და კოკრები -$3.6 მლნ;
  8. საფრენი აპარატები სხვა - $3 მლნ;
  9. შოკოლადი და კაკაოს სხვა შემცველები -$2,8 მლნ;
  10. საქონლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ნაწარმი - $2.5 მლნ;

ფულადი გზავნილები

სომხეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა მცირეა. წელს 9 თვის განმავლობაში, ჯამში, 9.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის სამი კვარტალის მონაცემებზე 100 ათასი დოლარით ნაკლებია.

რაც შეეხება სომხეთში საქართველოდან ფულად გზავნილებს, წელს იანვარ-სექტემბერში, ამ მეზობელ ქვეყანაში 7.2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის რიცხვზე - 7.7 მლნ დოლარზე ნაკლებია.

ტურიზმი

წელს 9 თვეში საქართველოში სომხეთიდან ვიზიტების რაოდენობა 1.7%-ით შემცირდა და იანვარ-სექტემბერში მეზობელი ქვეყნიდან 720 114 ვიზიტი შედგა. მიუხედავად ამისა, სომხეთი ქვეყნების რეიტინგში რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები