„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ერთპიროვნულ მმართველობას და პარტნიორებთან ბრძოლას“, - ეს განცხადება საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ FedEX-ის წარმომადგენელი კომპანია ამჟამად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) მოზიდული $4 მილიონიანი გრძელვადიანი დაფინანსებით თბილისის აეროპორტთან ლოგისტიკურ ცენტრს აშენებს.
მისი ინფორმაციით, ლოგისტიკური ცენტრის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება, მაგრამ სავარაუდოდ, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, FedEX-ის წარმომადგენლობამ ვიზიტზე უარი განაცხადა.
ნინო მენთეშაშვილის თქმით, უსაფრთხოება ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას აფერხებდა და პოლიტიკური კრიზისი და სანქციები ამ გამოწვევას კიდევ უფრო გააღრმავებს.
- ამიტომ ვისწრაფოდით ნატოს წევრობისთვის და ევროინტეგრაციისთვის, რათა ინვესტიციებისთვის მეტად სანდო ქვეყანა ვყოფილიყავით. ახლა კი, ამ მდგომარეობაში, არათუ უცხოელ ინვესტორს, ალბათ ქართველსაც ვერ ნახავთ, რომელიც საქართველოში ფულის დაბანდებას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს... უკვე ვიზიტებისგანაც თავს იკავებენ საქართველოში, არათუ ინვესტირებისგან. მაგალითად, FedEx-ი უარს აცხადებს უკვე დაგეგმილ ვიზიტზე, რომელზედაც წლებია ვმუშაობთ.
- რა მიზეზით?
- ალბათ პოლიტიკური სიტუაციის გამო და ასევე, ალბათ ფაქტორია ის უპერსპექტივობა, [რომელსაც ხედავენ საქართველოში]; ისინი დროს და რესურსს ხარჯავენ იმ ქვეყნებში, ვისაც აქვს მომავალი და პერსპექტივას ხედავენ. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერდა, ამ ეტაპზე, უცხოელი პარტნიორებისთვის ქვეყანა ნაკლებად მიმზიდველია.
- როგორ ცდილობთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა და რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა?
- გამორიცხულია დარწმუნება, რომ აქ ყველაფერი კარგად არის ან იქნება. დღევანდელი მსოფლიო იძლევა იმის საშუალებას, რომ უცხოელ პარტნიორებს ჩვენ შესახებ ჩვენზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.
- FedEx-იდან რა მიზნით ჩამოდიოდნენ?
- ჩვენი ლოგისტიკური ცენტრის გახსნის გეგმავს ვუთანხმებდით. საწყობზე FedEx-ის ლოგო იქნება დატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საწყობი მოემსახურება როგორც სხვა მიზნებს, ისე „ფედექსის“ საოპერაციო ნაწილს. შესაბამისად, მათი ინტერესიც იყო, რომ რეგიონში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას დაესწრებოდნენ.
- გითხრეს, უჩვენოდ გახსენითო?
- დიახ, სამწუხაროდ.
- როდის იგეგმება ლოგისტიკური ცენტრის გახსნა?
- ლოგისტიკურ ცენტრს გაზაფხულზე გავხსნით. პროექტი თითქმის დასრულებულია და ვფიქრობთ, აპრილიდან შევძლებთ ტვირთების მიღებას და ლოგისტიკურ ოპერაციებს.
- DFC-ის მენეჯმენტს ელოდებით ლოგისტიკური ცენტრის გახსნაზე?
- ვერ გეტყვით... ამ ერთი წლის მანძილზე, DFC-ის ორჯერ ჰქონდა მოწერილი, რომ აპირებდნენ ჩამოსვლას, მაგრამ ვიზიტი ორჯერვე გაუქმდა. ეს სამწუხაროა. ბოლო ვიზიტი ოქტომბერში ჰქონდათ დაგეგმილი და გააუქმეს.
- აშშ-ში საქართველოს ყოფილმა დესპანმა გიორგი ციკოლიამ #წერტილში თქვა, რომ საქართველოსა და DFC-ის შორის ურთიერთობა გაყინულია.
- დიახ, გაყინულია და ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი ქვეყნისთვის. DFC-ის საქართველოში საკმაოდ დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა სფეროში...
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- ღია საზღვრები და არა იზოლაცია. გვჭირდება კარგი საიმედო პარტნიორი ქვეყნის რეპუტაცია, რაც გაზრდის საერთაშორისო კაპიტალზე წვდომას, რის გარეშეც ბიზნესისთვის წარმოუდგენელია ცხოვრება. ვფიქრობთ, ქვეყანა უნდა იყოს ღია საერთაშორისოს პარტნიორების მიმართ. არ უნდა გვქონდეს სანქციები და არ უნდა ვებრძოლოთ პარტნიორებს.