ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საუბრობს, რომლებსაც "ქართული ოცნება" ქართული მედიის შეზღუდვისთვის დააინიცირებს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მთავრობა "ფეიკ ნიუსების" გავრცელებასა და მედიის საშუალებით უცხოური პროპაგანდის გატარებას უნდა ებრძოლოს.
"მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა, ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ თურმე, ამ შემთხვევაში აშშ-ს ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებებით, თანხები იხარჯებოდა მედიაორგანიზაციებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილებები, თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის, რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა.
მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. fake ნიუსებზე, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. fake ნიუსებს თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ამას საქართველოშიც ვხედავთ ხშირად და სხვებიც ხედავენ. ასე რომ fake ნიუსებთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც პარტია დააინიცირებს, ბრიტანულის ანალოგია.
"აქაც ჩვენ არაფერს გამოვიგონებთ ახალს - ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით ავიღებთ და პირდაპირ გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? - მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ; ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო", - ამბობს პაპუაშვილი.
კითხვაზე, რა ახალ სტანდარტებს დანერგავს "ქართული ოცნება" მაშინ, როდესაც საქართველოში უკვე განსაზღვრულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეთიკის კოდექსები არაეფექტიანია და მათ დასაცავად საჭირო პროცედურების არსებობაა აუცილებელი.
"სტანდარტებს, სინამდვილეში, დადგენაც არ სჭირდება. საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოიტყუო და ინფორმაცია უნდა გადაამოწმო. მიუხედავად იმისა, რომ საღი აზრი გვეუბნება ამას და არსებობს სხვადასხვა სახის ეთიკის კოდექსები, ამის დაცვა არ ხდება. იმიტომ, რომ არ არსებობს ამის ეფექტიანი დაცვის პროცედურები. იცით, რომ არსებობს გარკვეული მექანიზმები თავად მედიაში, რომელიც არაეფექტიანია. მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუკი ვრცელდება მასთან დაკავშირებული ფეიკ ნიუსი, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სიმართლე იყოს დადგენილი და მედიაორგანზიაციებიც პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ მედიის კანონის შემუშავებას და ბაზრის რეგულირებას აპირებს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მედიის კანონით "დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“.