19 დეკემბერს, თბილისში ოფიციალურად გაიხსნება "ფერარი თბილისის" სალონი. საქართველოში ფერარის ოფიციალური შემომყვანი და პარტნიორი "ნაზარ ჯგუფია" კომპანია, რომელსაც 46 წლიანი გამოცდილება აქვს ფერარის სტანდარტების დანერგვაში მთელს მსოფლიოში.
"დღეს ჩვენ ფერარის ახალი კორპორაციული იდენტობის პირველი პრეზენტაცია წარვადგინეთ. ეს არის პირველი ოფიციალური Ferrari Pre-Owned სერვისცენტრი, რომელიც სრულად ახალი კორპორაციული სტანდარტების მიხედვით არის შექმნილი. ეს სივრცე, სადაც ახლა ვიმყოფებით, სპეციალურად არის დაგეგმილი ისე, რომ თბილი და კომფორტული გარემო შეგვექმნა. ვხედავთ, როგორ იზრდება ბაზარი საქართველოში და ამიტომ გვინდა კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან", - აცხადებს ფერარის რეგიონული პრეზიდენტი ევროპასა და აფრიკაში რენო დე პაოლი.
BMG-ი ესაუბრა “ნაზარ ჯგუფის” დამფუძნებელს ალი ნაზარსაც.
"გასულ წელს ვნახეთ, რომ ფერარის მიმართ ინტერესი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ აქ ინვესტიცია ჩაგვედო. ეს იყო ოცნების დასაწყისი და გულწრფელი სურვილი, რომ მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებულ ბრენდი ფერარი კიდევ უფრო ახლოს მოგვეტანა და საქართველოში მისთვის ნამდვილი სახლი შეგვექმნა. დღეს ეს ოცნება რეალობად იქცა", - ამბობს ის.
შოურუმის გახსნას "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილიც ესწრებოდნენ.

























