მეხორბლეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ და შესაბამისი წერილით მთავრობის ადმინისტრაციას მიმართავენ - ამის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა კავშირის ხელმძღვანელი ირინა ფხოველიშვილი bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს.
კახელი მეხორბლეები 1 კგ ხორბლის ღირებულების სიმცირეს აპროტესტებენ. მათი თქმით, იმის ფონზე, რომ საწვავისა და მექანიზაციის ხარჯები გაიზრდა ფერმერებს ხორბლის წარმოება ძვირი უკდებათ, ფასი კი ხორბალზე ყოველწლიურად მცირდება. ამ ეტაპზე კი 1 კგ ხორბლის ფასი 37-38 თეთრს უტოლდება. როგორც ერთ-ერთი ფერმერი გვეუბნება, უცხოურ ხორბალზე ფასი ბევრად უფრო მაღალია და ის კილოგრამზე 65 თეთრს უტოლდება. კახელი ფერმერების მთავარი მოთხოვნაა 1 კგ ხორბალზე ფასი 50 თეთრამდე გაზრდა.
bm.ge ამ საკითხზე საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციასაც დაუკავშირდა. როგროც ასოციაციაში აცხადებენ, მათ ამ საკთხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.
"სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ხორბლის პრიორიტეტად აღიარება და სახელმწიფო პროგრამების განხორციელება მეხორბლეების მიმართულებით. ჩვენ ეს ყველაფერი ჩამოვუწერეთ მთავრობას და ვფიქრობთ რომ უნდა დაიწყოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში ხორბლის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება, უფრო მეტიც - ბევრი ფერმერი ხორბლის წარმოებაზე უარსაც კი იტყვის", - აცხადებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა კავშირის ხელმძღვანელი ირინა ფხოველიშვილი.