მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფერმერებს საშუალოდ 30-40 ათასი ტონა ხორბლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ”-ასოციაცია

6410777749766
ანუკა ჯოხაძე
14.03.23 22:00
1886
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები დარგში არსებულ პრობლემაზე უკვე მე-2 წელია საუბრობენ. პრობლემა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი შემოიღო, რითაც ხორბლის ფასი გაზარდა, პარალელურად კი, საიმპორტო ქვეყნებს ფქვილი შესთავაზა.

როგორც ცნობილია რუსეთი პოლიტიკის შეცვლად და აღნიშნული გადასახადის გადახედვას არც მომდევნო წლებში აპირებს, შესაბამისად, ფქვილის ექსპორტის ხელშეწყობა დღის წესრიგში რჩება. აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე ადგილობრივი წისქვილ კომბინატების მუშაობა არაკონკურენტული გახდა და შესაბამისად, ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა.

როგორც BM.GE-თან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, გაჩერებული წისქვილ კომბინატები ადგილობრივ ნედლეულს ვერ იბარებენ, რაც ფერმერების საქმიანობასაც აფერხებს. მისი თქმით, ზუსტ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა მათი გათვლებით რეალიზაციის პრობლემა 30-40 ათას ტონა ხორბალს აქვს.

“პრობლემები გამომდინარეობს იქიდან, რომ ფქვილი შემოდის ქვეყანაში ეს ფქვილი რუსეთიდან მოდის და რუსეთი ამუშავებს თავის წისქვილ კომბინატებს. ხორბალზე დააწესა მოსაკრებელი, რომელიც არ ვრცელდება ფქვილზე. უკონკურენტო გახდა ფქვილი და იმპორტიორებს ურჩევნიათ შემოიტანონ პირდაპირ ფქვილი. ფერმერი კოტრდება, წისქვილ კომბინატი ჩერდება.

ფაქტობრივად წისქვილები გაჩერებულია და რომ ვერ შემოდის ხორბალი. ქართულო ხორბალიც, რომელსაც რაღაც პროცენტულობით ურევდნენ ესეც შეჩერებულია. მთლიანად ჯაჭვი დაზარალდა. ესე წარმოუდგენელია გაგრძელება, რაღაც თუ არ იღონა სახელმწიფომ. ჩვენ მინისტრთან გვქონდა კომუნიკაცია და ველოდებით გადაწყვეტილებას. დაახლოებით, საშუალოდ რომ ვთვლით, შეიძლება 30-40 ათასი ტონა ხორბალი იყოს გაჩერებული,”-აცხადებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე.

დარგში არსებულ პრობლემებზე დღეს განცხადება გაავრცელა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამაც. ასოციაციამ მთავრობას შესთავაზა ფქვილზე დამაბალსებელი გადასახადის შემოღება, იმისთვის, რომ იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

ნიკოლოზ ბენიაიძე ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ემხრობა, თუმცა ფერმერების მხარდასაჭერად დამატებით მექანიზმებზეც საუბრობს.

“ერთ გამოსავალს ფქვილზე იმპორტის გადასახადის დაწესებაში ვხედავთ, იმისთვის, რომ ხორბლის შემოტანა დაიწყონ იმპორტიორებმა. ეს არ აისახება პურის ფასზე, რომელიც საქართველოში ისედაც მაღალია. ამ გადაწყვეტილებით გადარჩებიან ფერმერები და ამუშავდება წისქვილ კომბინატები, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.

ვიცით, რომ ბიუჯეტშიც ფული შევა. მხოლოდ ფერმერებზე რომ ვისაუბროთ, მეორე გამოსავალი სიტუაციიდან არის ის რომ რაღაც პერიოდულობით, სეზონურობით იყოს შეზღუდული იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, სანამ ჩვენ იმ რაოდენობის რაც ქვეყანაში მოგვყავს რეალიზება არ მოხდება. ან დაწესდეს რაღაც კვოტები, რომ კონკრეტული რაოდენობების შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდეს,”-ამბობს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე.