მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფერმერი: ახალი რეგულაციების გამო, ყველა მიკროსაფინანსომ სესხზე უარი მითხრა

5c45d81c98678
მაია ბიწაძე
21.01.19 19:25
2206
გურჯაანელი ფერმერის ნიკოლოზ ფურცელაძის შეფასებით, 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი საფინანსო რეგულაციების გამო, ფერმერებს ფინანსურ რესურსზე წვდომა გაუუარესდათ.

როგორც Bm.ge-ის გურჯაანელმა ფერმერმა ნიკოლოზ ფურცელაძემ განუცხადა, ბიზნესის გაფართოებისთვის 30 ათასი ლარი ესაჭიროება, რისთვისაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიმართა, თუმცა - უშედეგოდ.

ფერმერმა გასულ წელს გურჯაანში, ჰექტარნახევარ მიწის ფართობზე ამერიკული ,,ალბიონის" ჯიშის მარწყვი გააშენა, რაშიც 84 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადო.

როგორც ის აცხადებს, ამ ჯიშის მარწყვზე არჩევანი იმის გამო შეაჩერა, რომ ის უხვმოსავლიანი და გამძლეა. ბიზნესმა გაამართლა და ფერმერმაც გადაწყვიტა, მარწყვი კიდევ 1,2 ჰექტარზე გაეშენებინა. ნერგებისთვის საჭირო თანხის მობილიზება შეძლო და ამერიკაში 50 ათასი ლარის ღირებულების ნერგი შეუკვეთა, 30 ათასი ლარი კი, ნაკვეთში სარწყავი სისტემისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ესაჭიროება.

„საუბარია, მაქსიმუმ 30 ათას ლარზე, რომელიც მხოლოდ 3 თვით მჭირდება. აპრილის მეორე ნახევრიდან მარწყვის მოსავალი დაიწყება და თანხას სრულად დავფარავ, თუმცა ყველა მიკროსაფინანსომ უარი მითხრა, არც კი მელაპარაკებიან, მიზეზად ახალ რეგულაციებს ასახელებენ. არადა მზად ვარ, თანხა ნებისმიერ პროცენტში ავიღო, რადგან ძალიან მჭირდება. ნერგები რომ ჩამომივა ამერიკიდან ხომ უნდა დავრგო; 70 ათასი ნერგი შევუკვეთე კალიფორნიაში, ეს არის ,,ალბიონი“ და ასევე ახალი ჯიში ,,ანა ტკბილი“, რომელიც საქართველოში პირველად შემოვა.

ტერიტორია მზად მაქვს, მიწა მოხნული, განოყიერებული და გაკვალულია, მხოლოდ სარწყავი სისტემაა მოსაწყობი და მულჩი დასაფარებელი, რომ შემდეგ ნერგები ჩავრგო“, - განაცხადა ნიკოლოზ ფურცელაძემ.

როგორც ფერმერი ამბობს, ამერიკული ჯიშის მარწყვი საკმაოდ მომგებიანია; ღია გრუნტში ის მოსავალს აპრილის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ჩათვლით იძლევა, გადახურულ სივრცეში კი - მთელი წლის განმავლობაში. აქტიურ სეზონზე კილოგრამი მარწყვი საშუალოდ 7 ლარად იყიდება, აპრილსა და ნოემბერში კი, მისი ფასი 13-დან 16 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები