მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფერმერი: "სპეციალური ფხვნილის გარეშე დამზადებულ სუფთა ყველს ვეღარ იშოვით"

5d4a95f54d7ec
ელენე გოგბერაშვილი
07.08.19 18:32
3445

„სპეციალური ფხვნილის გარეშე დამზადებულ სუფთა ყველს თქვენ ვეღარ იშოვით,“ - ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა "საქმიან დილაში" განაცხადა.

გონაშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი იმ მსხვილფეხა საქონლის სულადობის შემცირება და დაბალი პროდუქტიულობა გახდა, რომელიც სპეციალურად ყველის დასამზადებლად რძის გარკვეულ რაოდენობას ქმნის. მისივე განმარტებით, საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტთან ერთად რძის დეფიციტიც გვაქვს.

„ძალიან დიდი დეფიციტი დადგება - ცოტა ხანში სუფთა ყველს ვეღარ იშოვით. რამდენიმე თვეზე მაქვს საუბარი. ისედაც უკვე არის ყველის დეფიციტი", - განმარტავს გონაშვილი.

მისივე თქმით, ქართული მსხვილფეხა საქონლის მერძევე მიმართულებით გამოყენება შედეგის მომტანი არ არის და საჭიროა, რძის წარმოებისთვის სპეციალურად გამოყვანილი ჯიშების შემოყვანა.

„ნებისმიერ ფერმერს შემიძლია დავუჯდე და დავუმტკიცო ის, რომ იმ ერთ და ორ ძროხას, რომელიც რძეს იძლევა, არანაირი ეკონომიკური ეფექტი და სარგებელი არ აქვს. ჩვენ საქონელს ლაქტაცია 5-6 თვე უგრძელდება და ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში; როდესაც ძროხა აქტიურად იწველება ეს თვეებია - მაისი, ივნისი და ივლისი, როდესაც ივლისიდან გვალვები დაიწყება, რძე აღარ აქვს.

ამ პერიოდში როდესაც ძროხებს წველიან და რძეს აბარებენ, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ იაფად დაახლოებით, 40-50 თეთრად აბარებენ რძეს, ხოლო გამომუშავებული თანხის უკან ჩაბრუნება ზამთარში უწევთ. მაგალითად, ნამჯა, ჩალა და საქონლის საკვები უნდა იყიდოს ანუ ამას არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს.

ამ დროს საქართველოში პირიქით უნდა გამსხვილდეს  დიდი ფერმები და უნდა შეიქმნას ახალი, რომელიც იქნება რძის წარმოებაზე ორიენტირებული, სადაც მოშენდება არსებულისგან განსხვავებული გენეტიკის ძროხა, რომელიც მეტ რძეს მოიწველის", - განაცხადა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები