ფერმერი გივი ნინიძე თაფლის პირველადი გადამუშავების და შესანახი საწარმოს გაკეთებას გეგმავს,- ამის შესახებ Bm.ge-ს ფერმერმა განუცხადა. გივი ნინიძეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში 400 სკა ფუტკარი ჰყავს და წელიწადში 5 ტონა თაფლს აწარმოებს.
"მეფუტკრეობა ჩემი მშობლების ოჯახური საქმიანობა იყო, მე 2004 წლიდან ჩავერთე ამ საქმეში აქტიურად. თაფლი ჩვენი მთავარი პროდუქტია, თუმცა ვაწარმოებთ სადედე ფუტკრებს და ფუტკრების ახალ საოჯახო პაკეტებს, რასაც დამწყები მეფუტკრეები ყიდულობენ.
2013 წელს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში 30 ათასი დოლარის დაფინანსება მოვიპოვე, რითაც ფუტკრის დედების ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია გავაკეთე, სადაც სადედე ფუტკრები გამოგვყავს. მათ ძირითადად ჩვენს მეურნეობაში ვიყენებთ, თუმცა მცირე რაოდენობით ვყიდით კიდევაც.
სადედე ფუტკრებს ძირითადად პაკეტებთან (ფუტკრის პატარა ოჯახი) ერთად ვყიდით, რომელიც დამწყებ მეფუტკრეებს გასამრავლებლად სჭირდებათ. ყოველწლიურად, სარეალიზაციოდ დაახლოებით 150 ახალი ოჯახი გამოგვყავს და 100-დან 300-მდე დედა ფუტკარი. პაკეტების ფასი 175 ლარია, დედა ფუტკარი კი 25 ლარი ღირს",- აცხადებს ფერმერი.
მისივე თქმით, თაფლს ძირითადად ადგილზე ყიდის, როგორც ქართველ, ასევე თურქ მომხმარებელზე, რომლებსაც თაფლი ბითუმად მიაქვთ.
"მინდოდა თაფლის მარკეტინგული შეფუთვა და მისი საცალოდ რეალიზაცია, მაგრამ ჯერჯერობით ეს გეგმა შევაჩერე, რადგან ეს სფერო ჩვენთან ძალიან მოუწესრიგებელი და ბუნდოვანია, მოსახლეობაც ძალიან დაბალმსყიდველუნარიანია, შესაბამისად თაფლის მოხმარება ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია. როდესაც მომხმარებელი მოდის და თაფლის ყიდვას აპირებს, ყოველთვის ეჭვის თალით უყურებს მას, რაღატომღაც ეს ახასიათებს თაფლის წარმოებას.
სამომავლოდ, ვგეგმავ თაფლის პირველადი წარმოებისა და შენახვისთვის საწარმო გავაკეთო, რაც ევროპული სტანდარტებით იქნება მოწყობილი“, - განაცხადა გივი ნინიძემ.
ფერმერი ოთხი სახეობის თაფლს აწარმოებს: წაბლის, აკაციის, სუბალპური ზონის თაფლს და ადგილობრივი ტყის მაისის თაფლს.

























