საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა - ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა განაცხადა. როგორც გონაშვილი აღნიშნავს, თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ 1კგ საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს, ხოლო უბნის მაღაზიებში ხორცის ფასი დაახლოებით, 21 ლარი გახდა.
გონაშვილი ქვეყანაში ხორცის გაძვირების განმაპირობებელ რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
„საქონლის ხორცის გაძვირების ტენდენცია რამდენიმე წლის წინაც შეგვეძლო გამოგვეცნო. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, პირველი ის, რომ მსოფლიოში ჩვენ ახლო ქვეყნიდან იმპორტით 250-300 კგ-ზე ნაკლებს საქონელს ვერ შემოიყვანთ, ხოლო ჩვენს შემთხვევაში დაახლოებით, 4 წლის განმავლობაში ერაყის და აზერბაიჯანის ბაზარზე ექსპორტით მცირე წონის საქონელი დაახლოებით, 100-დან 150 კგ-ს ფარგლებში გადის, რაც ჩემი აზრით, ხორცზე ფასის ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყო.
მეორე მიზეზი, არის ისიც, რომ საქართველოში ძალიან გაზრდილია ხბოს ხორცის რეალიზაცია, გაზრდილი ძროხა მეტ ხორცს მოგვცემს, ვიდრე - ხბო.
რაც შეეხება მესამე მიზეზს, ეს არის ის, რომ ჩვენ საქართველოში სახორცე მიმართულებით ძალიან ცუდი ჯიშები გვყავს. ჩვენ ძროხას გენეტიკური პოტენციალი იმდენად დაბალი აქვს, რომ ძალიან ნელა იზრდება და ის, რომ ჩვენი საქონელი 200 კგ გახდეს დაახლოებით, 3 წელი სჭირდება, ესეც შემაფერხებელია", - აღნიშნა გონაშვილმა.

























