მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობების სექტორი კრიზისში - ექსპორტი $291 მილიონით დაეცა

ქარხანა მეტალურგია ფოლადი

ფეროშენადნობები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო და უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში დღესაც შედის. თუმცა 2023 წლიდან სექტორი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომლის შედეგადაც უმსხვილესმა ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეები მინიმუმამდე შეამცირეს.

2023 წლის 9 თვეში საქართველოდან გავიდა 115.8 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 291 მილიონი დოლარით, ანუ 68%-ით ნაკლებია. ასეთი მკვეთრი ვარდნა ამ საქონლის ექსპორტში სხვა წლების განმავლობაში არ აღნიშნულა. ამ დარგში არსებული კლების გამო, წელს საქართველოს მძიმე მრეწველობის სექტორის ბრუნვის მოცულობა შემცირებულია.

ქვეყნების მიხედვით, 9 თვის ექსპორტის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

1) აშშ - $52 მილიონი, 41,024 ტონა, კლება წინა წელთან 77%
2) რუსეთი - $46 მილიონი, 36,396 ტონა, კლება წინა წელთან 57%
3) თურქეთი - $26 მილიონი, 23,750 ტონა, კლება წინა წელთან 49%
4) ალჟირი - $6 მილიონი, 5,250 ტონა, წინა წელს ამ ქვეყანაში ექსპორტი არ ყოფილა;
5) აზერბაიჯანი - $5 მილიონი, 4,269 ტონა, კლება წინა წელთან -50%

ფეროშენადნობები მეტალურგიული წარმოების ნედლეულს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი ღირებულება უშუალოდ დაკავშირებულია ფოლადის გლობალურ წარმოებაზე. ამჟამად არსებული კლების გამო, შემცირებულია ამ საქონლის ღირებულება, რის გამოც ქართველი ექსპორტიორების შემოსავლები მათი ხარჯების დაფარვას ვეღარ უზრუნველყოფს.

“საქართველოს ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ნუგზარ კევლიშვილის განცხადებით, უარყოფითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნა, ფეროშენადნობების ბაზარზე გადამწყვეტი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება იქნება.

“სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენცია გრძელდება. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. სანამ ომი არ დასრულდება, ევროპაში რაიმე უკეთესობაზე საუბარი ზედმეტია. უკრაინის ომი იქნება გადამწყვეტი, ამას ელოდება არა მხოლოდ ფეროშენადნობების წარმომადგენლები, არამედ მეტალურგები და ა.შ.“, - BMG-სთან განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

როგორც ნუგზარ კევლიშვილმა აღნიშნა, ევროპის ბაზართან ერთად, გამოწვევებია თურქეთის ბაზარზეც. მისი თქმით, მეტალის წარმოება 2018 წლის ნიშნულამდე ჩავიდა.

“თურქეთის ბაზარს რაც შეეხება, აქაც უარყოფითი ტენდენციაა. მეტალის წარმოება 2018 წლის ნიშნულამდე ჩამოვიდა. 2022 წლიდან კლება დაიწყო წარმოებამ, ავტომატურად ფეროშენადნობებზე მოთხოვნა შემცირდა. ეს არა მხოლოდ საქართველოდან იმპორტირებულს, არამედ უკრაინიდან და ინდოეთიდან იმპორტირებულსაც ეხება. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს. ეს ბაზარი უკრაინული და ქართული ფეროშენადნობებისთვის ისევ დახურულია. ამან საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ქართული ბაზრისთვის”, - აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს. “საქართველოს ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის განცხადებით, ფასები ამ ბაზარზეც იკლებს, თუმცა ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნა არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები