2018 წლის 10 თვეში ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა ფინანსური სტიმულირების კომპონენტის თითქმის 2-ჯერ მეტის ათვისება შეძლეს.
ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიხედვით, კლუბების ფინანსური სტიმულირების ნაწილი გულისხმობს შემდეგს: მაგალითად თუ კერძო სექტორიდან 300 000-ლარიანი დაფინასების მოძიებას მოახერხებს კლუბი, ფონდი ანალოგიურ თანხას დაუმატებს.
2018 წელს ამ მიმართულებით გამოყოფილი 9 მილიონი ლარიდან, იანვარ-ოქტომბერში ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა 5 მილიონ 638 ათას 309 ლარი აითვისეს.
ეს მაჩვენებელი 2017 წელს 3 მილიონ 316 337 ათას ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება სხვა მიმართულებების დაფინანსებას, საბაზისო დაფინანსების 24 მილიონიდან, 10 თვის განმავლობაში 19 მილიონ 765 551 ლარია დახარჯული.
ფეხბურთის განვითარების ფონდის მთლიანი ხარჯი კი, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, 29 მილიონ 372 555 ლარია.
ინფორმაციისთვის, ფეხბურთის განვითარების პროგრამა, საქართველო მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა.
პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 2016-2020 წლებში 265 700 000 ლარია.
პროგრამის მიზნებს შორისაა: საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა, ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და კონკურენტუნარიანი თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა.