მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIBA-ს შეშფოთების შემდეგ, კალათბურთის სტადიონის მშენებლობას 20 მლნ ლარი ემატება

61c4968bbe041
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.21 00:00
1308
2022 წლის სექტემბერში საქართველო Eurobasket-ის თამაშებს უმასპინძლებს, რისთვისაც სახელმწიფო თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ საკალათბურთო სტადიონს აშენებს. სტადიონს 10,000 მაყურებლის დატევა უნდა შეეძლოს. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენდა, მას კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ შპს-სთან “სპორტმშენსერვისთან” გაფორმებული კონტრაქტით “საბა კონსტრაქშენი” აშენებს.

4 დეკემბერს საქართველოში “კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის” ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი იმყოფებოდა, რომელიც პრემიერს შეხვდა და მშენებარე დარბაზი დაათვალიერა. მისი თქმით, ფედერაცია შეშფოთებულია თბილისში Eurobasket 2022-ისთვის განკუთვნილი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებით.

FIBA-ს შეშფოთებიდან 6 დღეში, “სპორტმშენსერვისმა” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარუდგინა განაცხადი, რომლითაც სტადიონის მშენებლობის დასრულების 2022 წლის აპრილამდე გადაწევას და მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის დამატებას ითხოვდნენ, რაც სტადიონის ღირებულებას 90 მილიონ ლარამდე ზრდის. დღეს შესყიდვების სააგენტომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

“მიმწოდებელმა 2021 წლის 6 ოქტომბერს წარმოადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დღეის მდგომარეობით დაზუსტებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება გასცდა სახელშეკრულებო ღირებულებას 19,815,967 ლარით,”- ნათქვამია დოკუმენტში.

FIBA-ს შეშფოთება

„ახლახან დავბრუნდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან. დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის მიმდინარეობა ვნახეთ. ამ დროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. დრო გადის და ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს სამუშაოები. როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალისტურია.

ამიტომ ახლა მიზანი უნდა იყოს, რომ ივნისი-ივლისის ფანჯრისთვის მაინც იყოს მზად ყველაფერი და აქ თამაში შევძლოთ და გამოვიყენოთ ეს მატჩები (დარბაზის) სატესტოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“, – 4 დეკემბერს განაცხადა კამილ ნოვაკმა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პროექტი მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის 30 ნოემბრამდე გადავადდა, რაც დარბაზში ეპიდემიური უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სავენტილაციო სისტემა განახლებული გეგმის მიხედვით დამონტაჟების მიზეზით იყო გამოწვეული. თავის მხრივ გადავადდა Eurobasket-ის ჩატარების თარიღიც, რაც თავდაპირველი გეგმით 2021 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები