2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ყველაზე შემოსავლიანი სპორტული ღონისძიება იქნება ისტორიაში. FIFA-ს შემოსავალი სავარაუდოდ $10 მილიარდს გადააჭარბებს, ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული მარკეტინგული სააგენტოს, Pitch Marketing Group-ის ახალ ანგარიშში.
ბროშურაში, სახელწოდებით "The Pitch Report How to Win at the 2026 FIFA World Cup”, პროგნოზირებულია, რომ ტურნირს ექნება 6-კვირიანი გლობალური აუდიტორია 5 მილიარდზე მეტი ადამიანის სახით, რაც მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ორი მესამედია და მედიის ყველა ფორმატზე 700 მილიარდზე მეტი ერთობლივი ჩართულობა.
FIFA-ს განცხადებით, ორგანიზაცია 2023-2026 წლების ოთხწლიან ციკლში სულ $13 მილიარდს ელოდება, რაც მოიცავს არა მხოლოდ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, არამედ 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს, მიმდინარე წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს და სხვა წლიურ ლიცენზიასა და სპონსორულ შემოსავლებსაც.
ეს ორჯერ მეტია იმ თანხაზე, რაც FIFA-მ მიიღო რუსეთში 2018 წლის ჩემპიონატით დასრულებული ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში, და თითქმის 75%-ით მეტია, ვიდრე კატარის 2022 წლის ციკლში მიღებული $7.5 მილიარდი.
შემოსავლის ასეთი მკვეთრი ზრდის ძირითადი მიზეზი ტურნირის გაფართოებაა, მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზრდება, ხოლო მატჩების რაოდენობა 64-დან 104-მდე. თუმცა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტურნირი იქნება „გლობალური გადაკვეთის მომენტი, სადაც სპორტი, ტექნოლოგია, მუსიკა, კულტურა, მედია, პოლიტიკა და იდენტობა უპრეცედენტო მასშტაბით შეერწყმება ერთმანეთს“.
ანგარიში ეფუძნება ისეთი გლობალური ბრენდების მენეჯერებთან ინტერვიუებს, როგორებიც არიან ბრიტანული მობილური ქსელი EE, მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმა Spotify და ვიდეოპლატფორმა YouTube. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტურნირი იქნება „უდიდესი კულტურული ფენომენი ისტორიაში“, რომელიც გადააჭარბებს ყველა წინა სპორტულ ღონისძიებას თავისი გავლენით.
FIFA-მ ასევე გამოაქვეყნა ეკონომიკური გავლენის ანგარიში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას $47 მილიარდით შეუწყობს ხელს და შექმნის თითქმის 300,000 სამუშაო ადგილს.
კვლევა ჩაატარა რომში დაფუძნებულმა ფინანსურმა ანალიტიკურმა ფირმამ OpenEconomics-მა, რომელმაც ასევე დაასკვნა, რომ ეს ორი ტურნირი გლობალურ ეკონომიკურ პროდუქტს $62 მილიარდით გაზრდის.
ტურნირი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით კანადაში, მექსიკასა და აშშ-ს 16 ქალაქში გაიმართება.




























