მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FIFA-ს მონაცემებით 2025 წელს ტრანსფერების რეკორდული რაოდენობა განხორციელდა

სარეკორდო სატრანსფერო ფანჯარა

მამაკაცთა პროფესიონალურ ფეხბურთში საერთაშორისო ტრანსფერების რაოდენობამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ჯამში 24,558 ტრანსფერი დაფიქსირდა. ეს 2024 წელთან შედარებით 7%-ზე მეტით ზრდას ნიშნავს და ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

2025 წელს ტრანსფერებზე დახარჯულმა თანხამ $13.08 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით 50%-ზე მეტით ზრდაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლუბებმა ერთ კალენდარულ წელს საერთაშორისო ტრანსფერებზე $10 მილიარდზე მეტი დახარჯეს.

ბრაზილია იყო FIFA-ს წევრი ასოციაცია, რომელმაც 2025 წელს მამაკაცთა პროფესიონალურ ფეხბურთში ყველაზე მეტი შემომავალი ტრანსფერი დააფიქსირა. ამ ტრანსფერების უდიდესი ნაწილი პორტუგალიური კლუბებიდან განხორციელდა. ბრაზილიას სიაში პარაგვაი, კოლუმბია, არგენტინა და ბოლივია მოსდევენ.

2025 წელს განხორციელებული ტრანსფერების დაახლოებით 18%-ში კლუბები ტრანსფერის საფასურის გადახდაზე შეთანხმდნენ, ხოლო საშუალო სატრანსფერო თანხა დაახლოებით $3.01 მილიონს შეადგენდა.

ეს მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად განსხვავდება: საფასურიანი შემომავალი ტრანსფერების ყველაზე მაღალი წილი UEFA-ს კლუბებზე მოდიოდა - 24%-ზე მეტი, რაც ასევე ყველაზე მაღალი საშუალო სატრანსფერო თანხებით ხასიათდებოდა.

საერთაშორისო ტრანსფერით მოთამაშეთა გლობალური საშუალო ასაკი წლების განმავლობაში შედარებით სტაბილური დარჩა და დაახლოებით 24.6 წელს შეადგენს, თუმცა ცალკეულ კონფედერაციებსა და FIFA-ს წევრ ასოციაციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება.
2025 წელს ტრანსფერების 62%-ზე მეტი შეეხებოდა მოთამაშეებს, რომლებიც კონტრაქტის გარეშე იყვნენ. იჯარით განხორციელებულმა ტრანსფერებმა დაახლოებით 19% შეადგინა, ხოლო დარჩენილი 19% მუდმივი ტრანსფერები იყო.

მამაკაცთა ფეხბურთში ინგლისური კლუბები იყვნენ როგორც ყველაზე მსხვილი დამხარჯველები ($3.82 მილიარდი), ასევე ტრანსფერებიდან ყველაზე დიდი შემოსავლის მიმღებები ($1.77 მილიარდი).
ლივერპულის მიერ ალექსანდერ ისაკის სანაცვლოდ გადახდილი $172 მილიონი 2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული და ბრიტანული სატრანსფერო რეკორდის დამამყარებელი გარიგება იყო.
რაც შეეხება ქალთა ფეხბურთს, აქ 2,440 ტრანსფერი დაფიქსირდა (+6.3%), ხოლო ჯამურმა ხარჯმა $28.6 მილიონს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით 80%-ზე მეტით ზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები