მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიფამ ტრამპის ზარის შემდეგ აშშ-ის ნაკრების ლიდერს დისკვალიფიკაცია მოუხსნა

ტრამპი და ბალოგუნი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი ფიფას დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნი, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მერვედფინალში გაძევდა, ბელგიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში თამაშს შეძლებს.

ფიფამ მისთვის დაკისრებული დისკვალიფიკაცია მოულოდნელად შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, წითელი ბარათის მიღების შემდეგ ფეხბურთელი ავტომატურად ტოვებს მომდევნო მატჩს.

ბალოგუნი, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე აშშ-ის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია სამი გოლით, ბოსნიელ ტარიკ მუჰარემოვიჩთან ორთაბრძოლის დროს ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გააძევეს. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი ბევრის შეფასებით მკაცრი იყო, ფიფას რეგლამენტი მსგავს დარღვევაზე მინიმუმ ორმატჩიან დისკვალიფიკაციასაც კი ითვალისწინებს.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როდესაც გაძევებულ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია არ მოუხდია. პირველი მსგავსი შემთხვევა 1962 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბრაზილიელი გარინჩა ჩილესთან ნახევარფინალში გააძევეს, თუმცა ფინალში მაინც ითამაშა. მაშინ ავტომატური დისკვალიფიკაციის წესი ჯერ არ არსებობდა და გადაწყვეტილებას სპეციალური კომიტეტი იღებდა.

ფიფამ ამჯერად გადაწყვეტილების მიზეზი არ განმარტა. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ დისციპლინური კოდექსის 27-ე მუხლი იყო მითითებული, რომელიც ფიფას აძლევს უფლებას, დისციპლინური სანქცია სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს მუხლი აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ.

გაუგებარია კიდევ ერთი გარემოებაც. ფიფას დისციპლინური კოდექსი მსგავს შემთხვევებში მინიმუმ ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, მაშინ როდესაც ბალოგუნს მხოლოდ ერთმატჩიანი სასჯელი ჰქონდა დაკისრებული და ისიც შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზზე ფიფამ არც მედიის კითხვებს უპასუხა.

BBC Sport-ის ინფორმაციით, ფიფამ განმარტების ნაცვლად მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევა გაიხსენა. პორტუგალიელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღებული წითელი ბარათის შემდეგ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ორ მატჩზე შეუჩერდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატამდე იყო მიღებული და უშუალოდ მუნდიალს არ უკავშირდებოდა.

ბალოგუნის საქმეს დამატებითი პოლიტიკური ელფერიც მიეცა. BBC-ის ამერიკელი პარტნიორი CBS News წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს პირადად დაურეკა და ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის საკითხზე ესაუბრა. წყაროების ცნობით, ინფანტინომ პრეზიდენტს უთხრა, რომ საკითხს ფიფას დისციპლინური კომიტეტი განიხილავდა.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფიფამ „დიდი უსამართლობა გამოასწორა“.

გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ბელგიაში. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაოცებულია ფიფას გადაწყვეტილებით და მიიჩნევს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც გაძევებული ფეხბურთელი ავტომატურად ტოვებს მომდევნო შეხვედრას.

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კი განაცხადა: „არ ვიცოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 5 ივლისი უკვე 1 აპრილი გახდა. ჩვენ მხოლოდ ბელგიის ნაკრებს არ ვიცავთ, ჩვენ ფეხბურთს ვიცავთ.“

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბალოგუნის საქმემ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნას. აქამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე წითელი ბარათის გასაჩივრება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა კი მწვრთნელები და კლუბები მომავალშიც მსგავს შეღავათებს მოითხოვენ.

ფეხბურთის წესებში წლების წინ განზრახვის ფაქტორი მნიშვნელოვნად შემცირდა და მთავარი ყურადღება მოთამაშის მოქმედების შედეგზე გადავიდა. სწორედ ამიტომ ექსპერტები კითხულობენ, თუ ბალოგუნის შემთხვევაში ფიფამ გამონაკლისი დაუშვა, რატომ არ უნდა გავრცელდეს მსგავსი მიდგომა მომავალშიც სხვა შემთხვევებზე.

ფიფას გადაწყვეტილებამ ასევე გააჩინა კითხვები ორგანიზაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ. ფიფას წესდება პირდაპირ კრძალავს პოლიტიკურ ჩარევას ფეხბურთის მართვაში, თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციის აქტიური მონაწილეობა და ტრამპის უშუალო კომუნიკაცია ჯანი ინფანტინოსთან დამატებით ეჭვებს აჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები