მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა გადასულიყო", - რას აპირებდა გიორგი ქობულია?

5cdc0945a2fc8
ლიკა გურაბანიძე
15.05.19 16:39
1343
„კომერციულმა სექტორმა ფილარმონიის მართვა სათანადოდ ვერ შეძლო, ეს იყო ის სიტუაცია, რომელშიც სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა.

„ეს არ არის პრეტენზია იმ კერძო კომპანიასთან, ვინც ოპერირებდა, უბრალოდ, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ რთულია ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზები კერძო სექტორის მიერ იყოს მართული. ჩვენნაირი დაბალი შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის რა ბილეთი უნდა გაიყიდოს ისეთი, რომ კომერციულმა სექტორმა ეს აამუშაოს?!“, - განაცხადა ქობულიამ.

ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა გადასულიყო და ეს ყველაზე ობიექტური გადაწყვეტილება იქნებოდა.

„ფილარმონია უნდა გადასცემოდა სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც არის სსიპი და შესანიშნავი ხედვა ჰქონდათ, ფილარმონია როგორ უნდა ჩაებარებინათ’, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილება ითხოვა.

უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები