თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის გაქირავების ფასი შესაძლოა 17,000 ლარამდე გაიზარდოს.
ამის შესახებ თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
აღნიშნულის მიზეზად, ფილარმონიის დირექტორი კომუნალური ხარჯების ზრდას ასახელებს.
ამჟამად, თბილისის საკონცერტო დარბაზის ერთი დღის იჯარა 15,000 ლარია.
„იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორჯერ გაგვიძვირდა კომუნალურების ხარჯი - კონკრეტულად, გაზის ნაწილში, ვფიქრობთ, რომ დარბაზის იჯარა 17,000 ლარზე უნდა ავწიოთ; სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად დარბაზი წაგებაში გამოვა“, - განაცხადა კერესელიძემ.
ცნობისთვის: ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთსს“ რვა წლის განმავლობაში სახელმწიფოს წინაშე 3 მლნ-ის დავალიანება აქვს დაგროვილი, რომელიც დარბაზის მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს თანხებს მოიცავს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საკონცერტო დარბაზის მართვის შესახებ საკუთარი იურიდიული დასკვნა გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის შეფასებით, არსებული სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახელმწიფომ დარბაზის ოპერატორს "შპს ინტერნეიშენალ ინვეთსს" მართვის უფლება სრულად უნდა ჩამოართვას.

























