საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე უნიკალური შენობის სრული რეაბილიტაცია და მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაოების ფარგლებში შენარჩუნდება ფილარმონიის პირვანდელი არქიტექტურული იერსახე, ინტეგრირდება თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკონცერტო დარბაზის ფუნქციონირებას.
"რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ფილარმონია იქნება თანამედროვე, მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს თბილისს უმასპინძლოს მაღალი დონის კონცერტებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, გამოფენებსა და საერთაშორისო ფესტივალებს.
პროექტის მომზადების პროცესი 9 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება უშუალო სამშენებლო და რეაბილიტაციის ეტაპი", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში ამბობენ, რომ შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა, დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით).
წინადადებების წარდგენა 2025 წლის 12 სექტემბრამდეა შესაძლებელი.




























