ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა განაცხადა, რომ კონტინენტური ჩინეთის მიერ ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში აზიურ გიგანტთან ომში მისი ქვეყანაც ჩაერთვება.
როგორც მარკოს უმცროსმა განაცხადა, ამ მხრივ ფილიპინებს არჩევანი არ აქვს, რადგან ტაივანზე უამრავი ფილიპინელი ცხოვრობს და მუშაობს. მათთვის რეალური საფრთხის შექმნის შემთხვევაში კი, რაც მეტად სავარაუდოა, ქვეყნის ხელისუფლებას არ დარჩება სხვა გზა, გარდა საკუთარი მოსახლეობის დაცვისა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ტერიტორიულ სიახლოვესაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თუ საკუთარი ხალხის დაცვის საჭიროება დადგა, ფილიპინების ჩართვა კონფლიქტში ტექნიკურად რთული არ იქნება.
მარკოს უმცროსის განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ ოფიციალურ პეკინში და ფილიპინების პრეზიდენტი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. პრესკონფერენციაზე “ერთი ჩინეთის” პოლიტიკაზე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება და აღინიშნა, რომ კონტინენტური ჩინეთი ტაივანის შემოერთებას მაინც მოახერხებს.
ოფიციალური პეკინის კრიტიკის ფონზე, ფილიპინების პრეზიდენტს მოუწია განემარტა თავისი განცხადება. მან, გარკვეულწილად, უკან დაიხია და თქვა, რომ მედიამ მისი სათქმელი არასწორად გაიგო. როგორც მარკოს უმცორსმა განაცხადა, ფილიპინების ტაივანთან სიახლოვეზე მხოლოდ ჰუმანიტარული და ლოგისტიკური თვალსაზრისით ისაუბრა და ჩინეთის პროვოცირება არც უცდია.
ოფიციალურმა პეკინმა კრიტიკას კონკრეტული ქმედებაც მოაყოლა. კერძოდ, ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდებმა ფილიპინური სავაჭრო ხომალდების წინააღმდეგ წყლის ზარბაზნები გამოიყენეს.
ოფიციალური პეკინის ამ ნაბიჯს უპასუხოდ არც მარკოს უმცროსი დარჩენია. მან აღნიშნა, რომ ფილიპინები საკუთარ საზღვაო უფლებებს ნებისმიერ ფასად დაიცავს და შეინარჩუნებს გავლენებს იმ წყლებზე, რომელთაც ჩინეთი თავის ნაწილად მიიჩნევს.



























