მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილიპინებში ტაიფუნს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ტაიფუნი

ცენტრალურ ფილიპინებში წლის ერთ-ერთ უძლიერეს ტაიფუნს სულ მცირე 66 ადამიანი ემსხვერპლა, სახლებიდან კი ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ტაიფუნის შედეგად დაიტბორა ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 49-ს აღწევს. დაკარგულად ითვლება 26.

მედიით გავრცელებული კადრები აჩვენებს, რომ ძლიერმა ღვარცოფმა მანქანები და გადაზიდვის კონტეინერები გაიტაცა. გარდაცვლილთა შორის არიან კუნძულ მინდანაოზე ჩამოვარდნილი სამხედრო ვერტმფრენის ბორტის ექვსივე წევრი - ჯგუფი სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად გაგზავნილი 4 ვერტმფრენიდან ერთ-ერთით გადაადგილდებოდა.

ტაიფუნი, რომელსაც ადგილობრივები ტინოს უწოდებენ, სამშაბათს დილიდან შესუსტდა, თუმცა ქარის სიჩქარე კვლავ 130 კმ/სთ-ს აღემატება. ვარაუდობენ, რომ კვირის ბოლოს ის სამხრეთ ჩინეთის ზღვას გადაკვეთს.

ცენტრალურ კუნძულზე ამ დრომდე ებრძვიან წყალდიდობის შედეგებს. ეროვნული კატასტროფების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სტიქიის გამო იძულებით გადაადგილდა 400 000-ზე მეტი ადამიანი.

სამოქალაქო თავდაცვის ოფისის ადმინისტრატორის მოადგილემ, რაფაელიტო ალეხანდრომ, ადგილობრივ რადიოსადგურს განუცხადა, რომ მაშველების ამჟამინდელი გამოწვევა „გზიდან ნანგრევბისა და მანქანების“ გატანაა.

ინფრასტრუქტურული ზარალი დიდია რეზიდენტულ უბნებში, სადაც ღვარცოფმა მცირე შენობების ნაწილი წაიღო, წყლის დონის შემცირების შემდეგ კი ქუჩებში ტალახის სქელი ფენა დარჩა. მაშველებმა სახლებში ჩარჩენილი მოქალაქეები სამაშველო ნავებით გამოიყვანეს.

ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 20 შტორმი და ტაიფუნი წარმოიქმნება. გასულ თვეებში უჩვეულოდ წვიმიანმა მუსონურმა სეზონმა რამდენიმე ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას ფილიპინელთა მხრიდან მასშტაბური პროტესტი მოჰყვა წყალდიდობის კონტროლის უხარისხო სისტემების გამო, რასაც მოქალაქეები კორუფციას მიაწერენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები