მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გათანაბრებით ბიუჯეტში ყოველწლიურად 1,6 მილიონი ლარი შევა

5d7a45d8f1bea
ელენე გოგბერაშვილი
13.09.19 13:33
945
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზი გათანაბრდება, დაჭრილი თამბაქო კი დაბეგვრას დაექვემდებარება.

პარლამენტარების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე მოიწონა.

კანონპროექტის მიხედვით, უფილტრო სიგარეტზე ფილტრიანი სიგარეტისთვის განსაზღვრული აქციზის გამოანგარიშების წესი გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე სახეობის თამბაქოს აქციზი ერთმანეთს გაუთანაბრდება და უფილტრო სიგარეტისთვის ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე გაიზრდება.

აქციზის გათანაბრებით გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლებიც. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აქციზის თანხის სახით ბიუჯეტში მომდევნო სამი წლის განმავლობაში დამატებით 5 091 550 ლარი, თითოეულ წელს კი 1 697 184 ლარი შევა.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, თამბაქოს ნედლეული 500 გრამზე მეტი ნეტო-მასით დაბეგვრას არ ექვემდებარება. საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში, არაუმეტეს 500 გრამი ნეტო-მასით. კანონში ეს ჩანაწერი გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას შეგნებულად დააფასოოს საქონელი იმისთვის, რომ არ დაექვემდებაროს აქციზით დაბეგვრას.

ცვლილებების პროექტით, კანონში ეს ჩანაწერი შეიცვლება და თამბაქოს ნედლეულის იმპორტიორებს ყოველ იმპორტირებულ კილოგრამზე 60 ლარის გადახდა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები