„მეწამრეები, რომლებსაც სჯერათ, რომ ტექნოლოგიას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია“, - Financial Times ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე ვრცელ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს. Bitfury Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვალერი ვავილოვის განცხადებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერასდროს იტყოდა, რომ არჩევნების ყალბდება.
გამოცემა წერს, რომ ბლოკჩეინის სისტემაში მონაცემებით მანიპულირება გამორიცხულია, - მაგალითად შეუძლებელია ვინმემ მომხმარებლის ანგარიშზე იქონიოს წვდომა ან გაიგოს თუ ვინ ვის მისცა ხმა, - რაც სტატიის ავტორის აზრით სისტემის პოპულარობას ზრდის.
ვავილოვი გამოცემასთან ინტერვიუში ყვება, რომ ის ლიტვაში დაიბადა და მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მისმა მშობლებმა მთელი ქონება დაკარგეს, - მათ შორის პენსია, დანაზოგი და ა.შ. „ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სისტემა არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ მას ხალხზე ემუშავა. ბევრი ვისწავლე და მივხვდი, რომ ტექნოლოგიას ნამდვილად შეუძლია მსოფლიოს შეცვლა“, - ამბობს ვავილოვი გამოცემასთან ინტერვიუში.
ამჯერად საფინანსო სექტორში 400-ზე მეტი სტრატაპია, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე მუშაობს. 2016 წლის პირველ 6 თვეში კი სხვადასხვა სტარტაპების ბლოკჩეინის და ბიტკოინის სისტემებში 290 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოხდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბანკებმა, მთავრობებმა და საფონდო ბირჟებმა სპეციალისტების დაქირავება დაიწყეს, იმის დასაზუსტებლად, სჭირდებათ თუ არა მათ ბლოკჩეინის სისტემა. „ტრადიციული ინსტიტუტების მენეჯერების და დამფუძნებლების ნაწილი ბოლომდე ვერ ხვდება თუ რას გულისხმობს ეს ტექნოლოგია“, - ვკითხულობთ სტატიაში.
„Bitfury ჯგუფი 2011 წლიდან მუშაობს ბლოკჩეინის განვითარებაზე. ამჯერად კომპანია საპილოტო პროექტზე მუშაობს საქართველოში, კერძოდ მიწის რეგისტრაციის და ქონების ტრანზაქციების ბლოკჩეინის სისტემით განხორციელებასთან დაკავშირებით. ვავილოვს სჯერა, რომ მისი პროდუქტი ისეთი პოპულარული გახდება, როგორც Uber-ია“, - წერს გამოცემა. ვავილოვის თქმით, დემოკრატიული ქვეყნები არჩევნებში ხმის მიცემისას მალე დაიწყებენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას.
გამოცემა მკითხველს, Bitfury-ის გარდა კიდევ რამდენიმე სტარტაპს აცნობს, რომლებიც ბლოკჩეინის განვითარებაზე მუშაობენ, მათ შორის საბანკო სისტემაში.
მათ შორისაა IOHK, - ამერიკული კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც თვლის, რომ ბლოკჩეინს შეუძლია მომხმარებლების ბანკებზე დამოკიდებულება და მოსახლეობის მხრიდან ბანკებზე მოთხოვნა შეამციროს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან საქართველოს საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებას დაიწყებს. სისტემის სრულად დანერგვის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საკუთარი ტრანზაქციები და საჯარო რეესტრის ამონაწერი ბლოქჩეინ სისტემაში შეინახოსრომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კომპანია BitFury Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს დარეგისტრირებული დოკუმენტების დაცვას მანიპულაციებისა და არაკანონიერი ქმედებისგან. ტექნოლოგია ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა.

























