Financial Times საქართველოზე სტატიას აქვეყნებს, რომლის ავტორიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანია. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს დადებით მხარეებს იმ რთულ გეოგრაფიულ რეგიონში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მოყვანილია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ არამხოლოდ 25, არამედ 5 წლის განმავლობაშიც საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია, რაც დაეხმარება მას ნატოს ალიანსში გაწევრიანებაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია ის დემოკრატიული პროგრესი, რაც მედიის თავისუფლებასა და კორუფციის დამარცხებაში გამოიხატება. გარდა ამისა, ხაზია გასმული სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე. დავით ზალკანიანი აღნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს რთულ რეგიონში თითოეულ სახელმწიფოსთან შეინარჩუნოს ურთიერთობა, მათ შორის რუსეთთანაც, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 1/5 აქვს ოკუპირებული. ის აღნიშნავს, რომ საქართველო გააგრძელებს პროგრესს და ევროპასთან დაახლოებას. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.
დავით ზალკანიანის თქმით, საქართველოს პროგრესი საშუალებას აძლევს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადადგას წინ ევროკავშირის წევრობისკენ.
საქართველოს საგარეო მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანას მთელს მსოფლიოში ჰყავს ისეთი მეგობრები, როგორიც იყო სენატორი მაკკეინი.
აღსანიშნავია, რომ Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას "საქართველო - შუქურა რთულ რეგიონში" ჰქვია.

























