საბანკო კრედიტებზე წვდომა აგრარული სექტორისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ფერმერების დაფინანსების ძირითადი წყარო შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამაა, თუმცა ფერმერული მეურნეობების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს მაინც ვერ იღებს. ძირითად შემთხვევაში მიზეზი არასაკმარისი აქტივებია, რასაც ბანკები მათგან უზრუნველყოფის სახით ითხოვენ. პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა პარლამენტის აგრარული კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში. შეთანხმდნენ, რომ ფერმერების შემოსავლების შეფასების მეთოდოლოგია გადასახედია, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან შუამდგომლობა და მეტი გარანტიებიც.