"როდესაც შენ რამდენიმე დღით ბიზნესს ასეთ მდგომარეობაში აყენებ, ეს არ შეიძლება კარგად აისახოს, ეს ცალსახად არ არის პრობიზნესური გადაწყვეტილება", - ამის შესახებ ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ ე.წ "ოქროს სიაში" მყოფი კომპანიებისთვის გათვალისწინებული იმპორტის გადასახდელის დაფარვის ვადებთან დაკავშირებით შეღავათის გაუქმების ფაქტის შეფასებისას განაცხადა. საუბარია იმპორტის გადასახდელების 30-დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირებაზე.
როგორც ერაძემ აღნიშნა, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება პრობიზნესური ქვეყნის იმიჯისთვისაც არ არის.
"ინვესტორის თვალით რომ შეხედო, კიდევ ერთხელ დაფიქრდება, სანამ აქ ინვესტიციას ჩადებს. რაც უფრო ნაკლებია ბიზნესგარემოში დაგეგმვის შანსი, შესაბამისად ის ყველა ვარიანტში ნაკლებად მიმზიდველია.
ბიზნესის ერთი ნაწილი იყო უფრო კარგ სიტუაციაში ჩაყენებული, ხოლო მეორე – ნაკლებად კარგ სიტუაციაში. ამ შემთხვევაში კარგ სიტუაციაში ჩაყენებულ ბიზნესს ნაკლებად კარგ სიტუაციაში აყენებ. თუ თანასწორობაა და თან მინისტრი პრობიზნესურ გადაწყვეტილებას იღებს, ვინც უარეს დღეში იყო, ის ჩააყენე უკეთეს დღეში. თანაბარ პირობებში ჩაყენება არასწორ და უწონო არგუმენტად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ეს უფრო თავის გამართლებას ჰგავს", - განმარტა ირაკლი ერაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ფინანსთა სამინისტროს მოტივი, ირაკლი ერაძე პასუხად სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების შესაძლო ნაკლებობას ასახელებს.
"პირველი, რაც თავში მოგდის, არის ის, რომ ბიუჯეტში ხომ არ აკლდებათ თანხები და ამით ამოქაჩვა ხომ არ უნდათ, მაგრამ მონაცემები, რასაც გვაჩვენებს, პირიქით ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება.
ეს რას გამოიწვევს? კომპანიებს მოუწევთ წასვლა და ვალის აღება. ეს შესაბამისად სტატისტიკაში აისახება, რომ ბიზნესის დაკრედიტება გაიზარდა. გარდა ამისა, ზოგ მსხვილ კომპანიას შესაძლოა, დოლარებში ჰქონდეს რეზერვი, რაც ამ ვალდებულების გასასტუმრებლად ეყოფათ, შესაბამისად, ამ დოლარებს გაყიდიან. შესაბამისად, მოთხოვნაც გაჩნდება ლარზე და კურსზეც გარკვეულწილად იმოქმედებს", - აღნიშნა ერაძემ.

























