მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მომავალში სესხების რეგულაცია გადაიხედოს

5bd1dbba8e19c
თელარა გელანტია
25.10.18 19:00
1019
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მოკლე ვადიან პერიოდში ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, ეკონომიკურ აქტივობას „დააგდებს“, თუმცა მინისტრი ირწმუნება, რომ ესაა „ოცნების“ მთავრობის მახასიათებელი - „მთელი რიგი ნაბიჯები და მთელი რიგი რეფორმები არ არის გათვლილი მოკლევადიან პერსპექტივაზე“, - აცხადებს ის.

ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალ წესთან და ეკონომიკის ზრდის ტემპზე რეგულაციის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებულ საკითხებზე bm.ge-მ ფინანსთა მინისტრს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- ბატონო ვანო, ამ ეტაპზე რამდენად დროულია ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები, როცა ისედაც შენელებულია ეკონომიკური აქტივობა და ბანკების ასოციაციის გათვლებით, მოკლე ვადაში მისი გავლენა ეკონომიკის ზრდის ტემპზე 3% იქნება?...

- რეგულაციების მთავარი მიზანი არის ის, რომ ფიზიკური პირები, მათ შორის მცირე მეწარმეები, რომლებიც არიან მოწყვლადი - როგორც სავალუტო კურსის მერყეობის მიმართ, ასევე კრედიტის მომსახურების მიმართულებით, იყოს დაცული. რაში გვჭირდება მათი დაცვა და რატომ შეიძლება, რომ თავი თვითონ ვერ დაიცვან?! - არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციებიც კი გადაჰყვნენ ზედმეტ დაკრედიტებას. მე მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად, ვერ იტყვით ვერცერთ ეკონომიკურ კრიზისს, თუ ის არაა გამოწვეული ომით ან სხვა მიზეზით, რომლის სათავეშიც არ იყოს ჭარბვალიანობა. ეკონომიკური კრიზისი თავისი შინაარსით არის ვალის კრიზისი. ჩვენთან დაკრედიტების ტემპი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ჯერ არ იყო საგანგაშო დონეზე ასული, მაგრამ ანალიზი გვაჩვენებდა, რომ მივექანებით ამ კრიზისისკენ, თუმცა შეგვიძლია ვიდაოთ და იყო ღია დისკუსია, ეს შეზღუდვები და სესხის მომსახურების კოეფიციენტები თუ სხვა პარამეტრები, რამდენად ადკევატურია...

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ადეკვატურია?

- აბსოლუტური და იდეალური პასუხი არ არსებობს... ამ ეტაპზე ჩანს, რომ ოპტიმალურია ის შეზღუდვები, თუმცა მე მგონი, არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას არ აკლია მოქნილობა და დროთა განმავლობაში შეიძლება გადახედონ რეგულაციებს - შეამსუბქონ ან - პირიქით, თუმცა ვიმეორებ, რომ გუნდის შიგნითაც იყო დისკუსიები (მაგ.: სესხის მომსახურების კოეფიციენტებზე) ამ ტიპის თემებზე; დანამდვილებით ძალიან ძნელია იმის თქმა, მაგალითად, სესხის მომსახურების კოეფიციენტებში 30%-იანი ლიმიტია უფრო სწორი თუ - 50%-იანი... შესაბამისად, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ ეს რეგულაციები ოპტიმალურია, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მოკლე ვადაში ეკონომიკურ აქტივობას „დააგდებს“, თუმცა ეს არის ჩვენი მთავრობის მახასიათებელი, რომ მთელი რიგი ნაბიჯები და მთელი რიგი რეფორმები არ არის გათვლილი მოკლევადიან პერსპექტივაზე - ეს რეფორმები გრძელვადიან და სტაბილურ ეკონომიკურ მდგრადობას უწყობს ხელს; ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის მიდგომა. მე მგონია, რომ სხვა საკითხებსაც ასე უნდა ვუყუროთ; თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ დაკრედიტების ის ტემპი, რომელიც იყო, 5 წელიწადში ქვეყანას მიიყვანდა კრიზისამდე და დღეს ვთქვათ შეზღუდვები დავაწესეთ, ეს პასუსიხმგებლიანი მიდგომაა, თუმცა ვიმეორებ, შეზღუდვა რა ზომით და რომელია სწორი, ეს შეიძლება მუდმივი დავის საგანი იყოს; შეიძლება უცხოელი ექსპერტებიც ჩამოვიყვანოთ და ისინიც ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვართ იქ, სადაც ვართ. მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაციები ოპტიმალურია, თუმცა ვიმეორებ, რომ მოქნილობა არ აკლია არცერთ ინსტიტუციას, როცა საქმე ეკონომიკას ეხება და მე მგონია, რომ გადავხედავთ, თუ საჭიროება დადგა.

- ანუ „მოქნილობის“ წყალობით, თუ დაინახავთ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპზე ამ რეგულაციამ არა 0.8%-ის, არამედ მეტი ნეგატიური გავლენა იქონია, „შეცდომების გასწორება“ დაიწყება?

- გეთანხმებით, მნიშვნელოვანია, რა დოზით იმოქმედებს ეს რეგულაცია ეკონომიკის ზრდის ტემპზე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რა ვადით იმოქმედებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი ანუ შენელება შეიძლება გამოწივიოს მოკლე ვადაში, მაგრამ ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ თანხები, რომელიც მიემართებოდა ფიზიკურ პირებსა და მცირე მეწარმეებზე, ასე ვთქვათ, ე.წ. უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელით, გადამისამართდება უფრო ისეთი ბიზნეს-პროექტების დაკრედიტებაზე, სადაც უკუგება და ეკონომიკური ზრდის პოტენციალი უფრო მეტია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ამან დადებითი როლი უნდა ითამაშოს. ამდენად, რამდენიმე წლიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ, ამ რეგულაციებს, უფრო კარგ მდგომარეოაბში უნდა ვიყოთ, ვიდრე რომ არ შემოგვეღო ეს რეგულაცია; თუმცა მოკლევადიანში - გეთანხმებით, რომ ეს რეგულაცია ეკონომიკის ზრდის შემცირებას გამოიწვევს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები